დიდ ბრიტანეთში, ქალმა, რომელსაც საშვილოსნო გადაუნერგეს, შვილი გააჩინა. BBC-ს ცნობით, ეს ქვეყანაში პირველი ასეთი შემთხვევაა. 


გრეის დევიდსონი, რომელიც ამჟამად 36 წლისაა, არაფუნქციონირებადი საშვილოსნოთი დაიბადა. 


მას როკიტანსკი-მაიერ-კუსტარ-ჰაუზერის სინდრომი დაუდგინდა, რაც იშვიათი გენეტიკური დარღვევაა. ის ხასიათდება სქესობრივი სისტემის ნაწილობრივ ან სრული არარსებობით. გოგონები ამ დიაგნოზით იბადებიან განუვითარებელი საშვილოსნოთი ან საშვილოსნო საერთოდ არ აქვთ. მათ არც მენსტრუაცია აქვთ.
დღემდე ასეთ ქალებს ბიოლოგიური შვილების ყოლის შესაძლებლობა მხოლოდ სუროგატი დედის საშუალებით ჰქონდათ. ტრანსპლანტაციის დახმარებით კი მათ შეეძლებათ შვილი საკუთარი მუცლით ატარონ, თუმცა ფიზიოლოგიური მშობიარობა მათთვის დაუშებელია და შვილებს მხოლოდ საკეისრო კვეთით აჩენენ. 


ლონდონის კლინიკა Queen Charlotte's and Chelsea-ში განაცხადეს, რომ წარმატებით ჩაატარეს საშვილოსნოს გადანერგვის კიდევ სამი ოპერაცია და იმედი გამოთქვეს, რომ სხვა ქალებსაც დაეხმარებიან  შვილის გაჩენაში. 
eujtransplantation.com-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი შვედეთში, 2014 წელს გაჩნდა. ქალს საშვილოსნო მეგობარმა აჩუქა, რომელიც მაშინ 60 წლის იყო. 
ამ დრომდე მსოფლიოში საშვილოსნოს გადანერგვის 80-მდე ოპერაციაა ჩატარებული და შედეგად 40 ბავშვიაქ დაბადებული. 


ასეთი ოპერაციები კეთდება როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი დონორებისგან. 

ამ საკითხის განხილვა უკვე აქტიურადაა დაწყებული ტრანსგენდერ თემში.