გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის გადამზადებულ პარამედიკოსთა 34-ე და 35-ე ჯგუფის 18 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადაეცათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კურსდამთავრებული პარამედიკოსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გადანაწილდებიან და ნებისმიერი სიმძიმის გამოძახებებს შეასრულებენ.
ამ ეტაპზე პარამედიკოსთა 35 ჯგუფი მომზადდა და ამავდროულად, ახალი ნაკადის მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან და კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურებში გადანაწილდებიან.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კურსდამთავრებულ პარამედიკოსებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გადასცა.