წითელას ეპიდაფეთქება ამჟამად მთელს ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოშია, გამონაკლისი კი ვერც საქართველო იქნებოდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ქვეყანაში წითელას გავრცელების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„წითელას ეპიდაფეთქება ამჟამად მთელს ევროპაში და მათ შორის საქართველოშია. ეპიდაფეთქებაა ამერიკაშიც, სადაც წითელას შემთხვევები ათწლეულებია არ ყოფილა. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ პანდემიის პერიოდში წითელას აცრები ჩავარდა ბევრგან მსოფლიოში, მათ შორის იგივე შეერთებულ შტატებში, ევროპასა და საქართველოშიც. შესაბამისად, რაც პანდემია მორჩა, ყველგან დაიწყო წითელას ეპიდაფეთქებები. მათ შორის, რა თქმა, უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. აქ მთავარი და ძირითადი აცრებია, იმიტომ, რომ საქართველოში 2019 წელს პირველი დოზით აცრები, როცა ბავშვები ერთი წლის ასაკში პირველად იცრებოდნენ, ბავშვების თითქმის 100%-ს ჰქონდა ჩატარებული. მეორე დოზით ბავშვების 95%-ზე მეტი იყო აცრილი მაშინ, როცა შარშანდელი მონაცემებით მეორე დოზით ბავშვების 81%-ია  აცრილი. ეს ბავშვები იმათთან ერთად, ვინც ადრე არ იყო აცრილი, ქმნიან იმ არაიმუნურ ფენას, სადაც შეიძლება წითელა გავრცელდეს,“- განმარტა პაატა იმნაძემ.

მისი მთავარი რეკომენდაციაა, პირველ რიგში, ინფექციისგან ბავშვები დავიცვათ და  ასაკობრივად ავცრათ ისინი. რაც შეეხება მოზრდილებს, წითელა-წითურას ვაქცინები მათთვისაც უფასოდაა ხელმისაწვდომი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულთან ან უბრალოდ, აცრის სურვილი აქვს, შეუძლია ამცრელ დაწესებულებებს მიმართოს.

პაატა იმნაძის თქმით, თუ აცრები არ გააქტიურდება, წითელათი ინფიცირების ციფრები გაიზრდება ისევე, როგორც როგორც მთელს ევროპაში იზრდება. 


„არსებობს კოლექტიური იმუნიტეტი - როცა აცრილი ხარ, ამით სხვასაც იცავ,“  - განაცხადა იმნაძემ. 
ცნობისთვის: საქართველოში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, წითელას ეპიდაფეთქებაა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ინფექცია 337 ადამიანს დაუდასტურდა.  წელს კი, მხოლოდ 4 თვეში, წითელას 142 შემთხვევა დაფიქსირდა.