ჯანდაცვის სექტორის რეგულირება უნდა იყოს პრუდენციული, რაც გულისხმობს სამართალდარღვევების პრვენციას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ესაა საუკეთესო მეთოდი მათ შორის იმისთვის, რომ ქართული ჯანდაცვის რეპუტაცია გაიზარდოს.
მან ისაუბრა ზოგად ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა.
„არ შეიძლება, თვითმიზანი გვქონდეს, რომ ან ყველაფერი სახელმწიფო იყოს, ან ყველაფერი კერძო,“ - აღნიშნა სარჯველაძემ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება უნდა იყოს „ბიზნეს-ინტერესების შელახვის გარეშე“.
„გაუმართლებელი წნეხი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მისაღები. ამოცანები, რომელსაც სახელმწიფო დააკისრებს, იქნება ამბიციური, თუმცა განხორციელებადი. პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ პრუდენციული რეგულირების მეთოდიკას, რომელიც გულისხმობს სამართალდარღვევების პრვენციას ჯანდაცვის სექტორში. ეს არის საუკეთესო მეთოდი მათ შორის იმისთვის, რომ ქართული ჯანდაცვის რეპუტაციაც გაიზარდოს,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორს შორის.
მან ასევე მიმოიხილა პაციენტის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაწყებული პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ქვეყანამ სრულიად ახალი, სოციალური სახელმწიფოს იდეა აირჩია და ის ქვეყნის კონსტიტუციაშიც ჩადო.
„2012 წლამდე სახელმწიფოს მართავდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თვლიდნენ, რომ მაგალითად ონკოლოგიურ პაციენტებზე ფულის გადახდა შავ ხვრელში ჩასხმული ფულია. 2012 წლის 1 ოატომბრის შემდეგ სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება და ეს რეალობაა,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში პაციენტს რეალურად უფრთხილდებიან, მისი მკურნალობის ხარისხი და ხელმისაწვდომობა კი პრიორიტეტულია.