ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხაზს უსვამს, რომ ამჟამად არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს აუტიზმსა და ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ასევე ცნობილია, როგორც პარაცეტამოლი) გამოყენებას შორის შესაძლო კავშირს.

ამის შესახებ ჯანმოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

შეგახსენებთ: აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ პრეპარატ აცეტამინოფენს  ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტს დაურთავს. ამ ეტიკეტზე მითითებული იქნება შესაძლო კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ამერიკაში ის ცნობილია ტაილენოლის სახელით) მიღებასა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანმომ გუშინ განმარტებები გააკეთა, დღეს კი უფრო დეტალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში, თითქმის 62 მილიონ ადამიანს (127-დან 1) აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ცნობიერება და დიაგნოზი გაუმჯობესდა, აუტიზმის ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის და არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც მისი გამომწვები შეიძლება იყოს.

ჯანმოს განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლებიც შეისწავლიდნენ ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირს და ამ დროისთვის არ არის დადგენილი თანმიმდევრული კავშირი.

WHO რეკომენდაციას უწევს ყველა ქალს, გააგრძელოს ექიმების ან ჯანდაცვის მუშაკების რჩევების დაცვა, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ინდივიდუალური გარემოებების შეფასებაში და საჭირო მედიკამენტების რეკომენდაციის კუთხით. ნებისმიერი მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, და ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევების შესაბამისად.
ორგანიზაციის თქმით, ასევე არსებობს მყარი, ვრცელი მტკიცებულებების ბაზა, რომელიც აჩვენებს, რომ ბავშვთა ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს. 


„სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური, მაღალი ხარისხის კვლევები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდა: კავშირის შესახებ კვლევები არასრულყოფილი იყო და დისკრედიტირებული იქნა. 1999 წლიდან, ჯანმო-ს კონსულტანტმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს ან განვითარების სხვა დარღვევებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 


მის თანახმადვე, აუტიზმი და ნეიროგანვითარების დარღვევები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური მდგომარეობების პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, რომლებიც განხილული იქნება გაეროს მე-4 მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც არაგადამდები დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გაიმართება ამ ხუთშაბათს, 25 სექტემბერს. 


„როგორც გლობალურმა საზოგადოებამ, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ აუტიზმის მიზეზების და იმის გასაგებად, თუ როგორ ვიზრუნოთ და დავუჭიროთ მხარი აუტისტი ადამიანებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს. ჯანმო ასევე მხარს უჭერს აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, ღირსეულ საზოგადოებას, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სტიგმისგან თავისუფალი მოსაზრებები,“ - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.