რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება გრძელდება. კლინიკაში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.
ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.
სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც. ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი. კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.