აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოაცხადა, რომ პრეპარატ აცეტამინოფენს  ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტს დაურთავს. ამ ეტიკეტზე მითითებული იქნება შესაძლო კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ამერიკაში ის ცნობილია ტაილენოლის სახელით) მიღებასა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის.

გამოცენა Nature.com წერს, რომ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი აცეტამინოფენი ანუ პარაცეტამოლი ორსულობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული პრეპარატია, რომელსაც მსოფლიოში ორსულთა დაახლოებით ნახევარი იყენებს.


ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  განცხადებები დეტალებისგან დაცლილი იყო: „არ მიიღოთ ტაილენოლი!“  „იბრძოლეთ ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ არ მიიღოთ ის“, - თქვა მან.


გამოცემა Nature.com წერს, რომ აუტისტი ადამიანები სოციალურ კომუნიკაციასა და ურთიერთქმედებაში განსხვავებებს ავლენენ და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზოგიერთ ქვეყანაში აუტიზმის გავრცელება გაიზარდა. თუმცა, აუტიზმის შემსწავლელი მრავალი მკვლევარი გვაფრთხილებს, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები აუტიზმსა და აცეტამინოფენს შორის დასაკავშირებლად და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გადატანის მცდელობა. 


„არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება იმისა, რომ დედებში პარაცეტამოლის გამოყენება აუტიზმის გამომწვევი მიზეზია და როდესაც რაიმე კავშირი ვლინდება, ისინი ძალიან, ძალიან მცირეა“, - ამბობს ჯეიმს კიუსაკი, დიდი ბრიტანეთის აუტიზმის კვლევისა და კამპანიების საქველმოქმედო ორგანიზაციის, Autistica-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თავადაც აუტიზმი აქვს. 

დღევანდელ განცხადებაში აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, აღიარა, რომ აუტიზმს მრავალი შესაძლო მიზეზი აქვს. FDA-ს კომისარმა მარტინ მაკარიმ კი აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ტვინში ფოლიუმის მჟავის არასაკმარისი ტრანსპორტირება დაკავშირებულია თვისებებთან, რომლებიც აუტიზმისთვისაა დამახასიათებელი.

 
ამასთან, კენედიმ (რომელიც ვაქცინაციის ცნობილი მოწინააღმდეგეა) და ტრამპმა ყურადღება გაამახვილეს კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა აუტიზმთან იყოს დაკავშირებული: ესაა ვაქცინები. თუმცა ამ საკითხის გაშუქებისას Nature-ი აღნიშნავს, რომ  ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა არაერთხელ გამორიცხა ვაქცინებსა და აუტიზმს შორის რეპროდუცირებადი კავშირი. (რეპროდუცირებადი ნიშნავს იმას, რომ სხვა დარგის მეცნიერებმაც შეძლეს იგივე შედეგის მიღება).

„მტკიცებულებები არ ადასტურებს აცეტამინოფენს ან ვაქცინებსა და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს“, - ამბობს სურა ალვანი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კლინიკური ტერატოლოგი და PEAR-Net Society-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და რომელიც დედის ნაყოფის ჯანმრთელობასა და კვლევას იცავს.

„საინააღმედგო ვარაუდმა შეიძლება გააძლიეროს დეზინფორმაცია და შეარყიოს ნდობა მკურნალობის უსაფრთხო მეთოდებისა და იმუნიზაციისადმი,“ - აღნიშნა მან. 

ჟურნალის თანახმად, მეცნიერების თქმით, ყველაზე სანდო კვლევები არ აკავშირებს აუტიზმსა და აცეტამინოფენის გამოყენებას ორსულობის დროს.  

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აცეტამინოფენის მიღება რაიმე ფორმით ხელს უწყობს აუტიზმის რეალურად გამომწვევ მიზეზებს“, - ამბობს ფსიქოლოგი ჰელენ ტაგერ-ფლუსბერგი, რომელიც ბოსტონის უნივერსიტეტში აუტიზმს იკვლევს. 


ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიმღებ ქალებს, როგორც წესი,  ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ მათთან შედარებით, ვინც ამ მედიკამენტს არ იღებს. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ინფექცია ან თანმხლები დაავადება. აცეტამინოფენსა და აუტიზმს შორის ნებისმიერი აშკარა კავშირი შესაძლოა აიხსნას ჯანმრთელობის სხვა ფაქტორებით და არა თავად პრეპარატით.