ევროკავშირში პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ტკივილის გაყუჩებისა და ტემპერატურის შემცირებისთვის ორსულობის დროს, კლინიკური აუცილებლობისას. ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტო (EMA) მის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.
დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს უახლესი მონაცემები, რომლებიც გამოიწვევდა ცვლილებების შეტანას ამ მედიკამენტის გამოყენების მოქმედ ევროპულ რეკომენდაციებში.
„პარაცეტამოლი არის მნიშვნელოვანი საშუალება ტკივილის სამკურნალოდ ან ტემპერატურის შესამცირებლად ორსულ ქალებში. ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება არსებული სამეცნიერო მონაცემების დეტალურ ანალიზს. ჩვენ არ აღმოგვიჩენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება ბავშვებში აუტიზმს იწვევს,“ - განაცხადა EMA-ს მთავარმა სამედიცინო დირექტორმა სტეფენ თირსტრაპმა.
განცხადების თანახმად, პარაცეტამოლის მიმღები ორსული ქალებისგან მიღებული მოცულობითი ინფორმაცია ადასტურებს ნაყოფში ან ახალშობილში განვითარების ნაკლების არარსებობას.
ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ევროპის წამლის სააგენტომ ჩაატარა არსებული კვლევების მიმოხილვა, რომლებიც ეხებოდა იმ ბავშვების ნერვული სისტემის განვითარებას, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში პარაცეტამოლის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. კვლევამ დაადგინა, რომ შედეგები არაა ერთმნიშვნელოვანი და ნერვული სისტემის განვითარების დარღვევებთან კავშირი არ დადგინდა.
EMA-ს განცხადების თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში პარაცეტამოლის მიღება ორსულობის დროს შეიძლება, ამასთან, ისევე როგორც მწვავე მდგომარეობის სამკურნალო ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ის მინიმალური ეფექტიანი დოზით უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მოკლე პერიოდით და რაც შეიძლება იშვიათად.
განცხადების თანახმადვე, ორსულმა ქალებმა კონსულტაციები უნდა გაიარონ თავიანთ მკურნალ ექიმთან, თუკი მათ აქვთ შეკითხვები ამა თუ იმ წამლის მიღებასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისევე როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, EMA და ევროკავშირის კომპეტენტური ნაციონალური ორგანოები გააგრძელებენ პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების უსაფრთხოების მონიტორინგს და დაუყოვნებლივ შეაფასებენ ნებისმიერ ახალ მონაცემს, თუკი ასეთი გაჩნდება. საჭიროების შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, მარეგულირებელი ზომები იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ პრეპარატ აცეტამინოფენს ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტს დაურთავს. ამ ეტიკეტზე მითითებული იქნება შესაძლო კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ამერიკაში ის ცნობილია ტაილენოლის სახელით) მიღებასა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.