წითელას შემთხვევები გაიზარდა, თუმცა ეს არაა ეპიდემია, პაციენტებს შორის სერიოზული გართულების შემთხვევა არ ყოფილა და ინფექცია მართვადია. 


ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში 16 პაციენტია მოთავსებული, მათგან 4 ბავშვია. რამდენიმე პაციენტი „ემერჯენსში“ იმყოფება.

ინფექციური კლინიკის რეანიმაციაში წითელათი ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ წევს.

„წითელა მოზრდილებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს და ამდენად თავსდებიან სტაციონარში, ყველას მოთავსება არაა საჭირო, თუმცა როცა არის აქტიური ხველა, სუნთქვის სპაზმი და უკმარისობა, იმ პერიოდში პაციენტი მძიმედ გრძნობს თავს და ამიტომ ვაწვენთ კლინიკაში. 


წითელას ბევრნაირი გართულება აქვს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი გართულება, ფილტვების ანთების გარდა, არ გვქონია და ჩვეულებრივად ვმართავთ ამ პაციენტებს,“ - განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობა აუცრელია. 


ცნობისთვის: საქართველოში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, წითელას ეპიდაფეთქებაა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ინფექცია 337 ადამიანს დაუდასტურდა.  წელს კი, მხოლოდ 4 თვეში, წითელას 142 შემთხვევა დაფიქსირდა.