უახლეს კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა წარმოადგინეს იმ ადამიანების მონაცემები, რომლებმაც კოვიდ-19 მძიმე ფორმებში გადაიტანეს. მათზე დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკვირვების შედეგად მოპოვებული მონაცემები მკვლევარებმა იმ ადამიანების მონაცემებს შეადარეს, რომლებსაც ანამნეზში არ აქვთ გადატანილი კორონავირუსი. კვლევის მიზანი იყო კოვიდ-19-ის შედეგების და გარდაცვალების რისკის შეფასება.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა გააანალიზეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჩივილები ფიზიკური დატვირთვის შემდგომ, ქოშინი, ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები და სხვა არაერთი სიმპტომი, რომლებიც ორგანოების ყველა სისტემას ემუქრება. აღნიშნული სიმპტომები გავლენას ახდენს სიცოცხლის საერთო ხარისხზე. 

მართალია, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ სიმპტომები გამოჯანმრთელებიდან ერთი წლის თავზე შემცირებულია, თუმცა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების შემთხვევაში, ისინი ორ წელზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა.

სამწლიან კვლევაში, რომელშიც 135 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, პანდემიის იმ პერიოდში დაინფიცირებულებს ეხება (2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე), როცა თავდაპირველი შტამი იყო გავრცელებული და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ და არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, პირველადი დაინფიცირებიდან ერთი წლის თავზე გარდაცვალების რისკი უმნიშვნელო იყო.

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გარდაცვალების რისკი სამი წლის თავზეც კი შედარებით მაღალი იყო. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მაინც შენარჩუნდა სიმპტომების განვითარების საფრთხეები. ამ რისკების ჩენარჩუნების მექანიზმი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წინა კვლევებზე დაყრდნობით, შესაძლოა ამ მექანიზმს საფუძვლად ედოს გენეტიკური ან სხვა თანმდევი დაავადებები. 
მთლიანობაში, კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ით პირველადი დაინფიცირებიდან სამი წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა იმ ადამაინებისთვის, რომლებსაც კოვიდ-19-ის რთული ფორმა განუვითარდათ და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. 
დაკვირვების სამი წლის განმავლობაში არ გამოვლენილა ისეთი გართულება, რომლის შესახებაც მანამდე უცნობი იყო.