რუსეთში შექმნილი ახალი ფარმაცევტული კომპანიების რაოდენობა განუხრელად მცირდება. მიზეზი სანქციები და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის მზარდი იზოლაციაა. ამის შესახებ  გამოცემა The Pharma Letter-ი წერს და მოჰყავს რუსეთის კვლევითი სააგენტოს „კონტურ ფოკუსის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მხოლოდ 47 ახალი ფარმაცევტული კომპანია შეიქმნა, რაც 23%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წლის მინიმუმია: 2023 წელს 61 კომპანია დარეგისტრირდა, 2022-ში კი 69.

ამასთან, რუსეთში არსებული კრიზისის გარდა, ანალიტიკოსები ასეთ ვარდნას ბაზრის გაჯერებითაც ხსნიან. მათი თქმით, რუსეთში ახალი ფარმაცევტული კომპანიების გახსნის ბუმი 2022-2023 წლებში იყო, როცა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების შემცირების შედეგად ბაზარზე წამლების ახალი ადგილობრივი მწარმოებლები გამოჩნდნენ.