მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ჯანმრთელობის დაზღვევა 9-15%-ით გაძვირდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაცია დაზღვევის კავშირზე დაყრდნობით წერს, რომ ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ეს მიზეზებია: ინფლაცია, იმპორტირებულ მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატება და მოსახლეობის მხრიდან სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასები, წლიურ ჭრილში 10%-ით გაიზარდა.

ამ მიმართულებით გაძვირების ორნიშნა მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

იგივე პერიოდში საავადმყოფოების მომსახურების ტარიფები 7,6%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში კი 8,5-იანი გაძვირება აღინიშნა.

ჯამში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში მაისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 9,1%-ით გაიზარდა. წინა თვეში ეს მაჩვენებელი 9,3% იყო.