კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ის სამრეწველო სიმძლავრეებში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ინვესტიცია გულისხმობს არსებული სამრეწველო მოედნების გაფართოებას, მათ შორის მერილენდსა და მასაჩუსეტში, ასევე ვირჯინიაში ახალი ქარხნის მშენებლობას.
AstraZeneca-ს თქმით, ამ ეტაპზე მისი ამონაგების 42% სწორედ შტატებზე მოდის და აღნიშნული ინვესტიციის შედეგად, ამ წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
AstraZeneca, რომელიც ვაქცინებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების (Tagrisso და Imfinzi) წარმოებითაა ცნობილი, ახლა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებითაა დაინტერესებული. ამის სტიმული გახდა მედიკამენტ GLP-1-ის პოპულარობის ზრდა.
შტატების ბაზარზე მილიარდობით დოლარის ინვესტირების სტრატეგიას ფარმაცევტული დარგი იყენებს იმისთვის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ინდუსტრია ამას იმის იმედით აკეთებს, რომ თავს აარიდებს უცხოეთში წარმოებული მედიკამენტების კომპონენტების იმპორტზე მკაცრ გადასახადებს.
მანამდე ინვესტიციების გეგმების შესახებ განაცხადეს Johnson & Johnson-მა, რომელიც 55 მილიარდი დოლარის ჩადებაზე საუბრობს, და Eli Lilly-მ 50-მილიარდიანი გეგმასთან დაკავშირებით.
ტრამპის განცხადების თანახმად, ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი ტარიფები 1 აგვისტოდან დაწესდება. სექტორის წარმომადგენლებმა მას მეტი დროის მიცემა სთხოვეს, რაზეც შტატების პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ტარიფები შესაძლოა, ეტაპობრივად დაწესდეს იმის მიხედვით, კომპანიები როგორ გადაიტანენ თავიანთ წარმოებებს შტატებში.