დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი თავიდან არიდების რეკომენდაციებს ავრცელებს. 

აღნიშნული რეკომენდაციები ქვეყანაში მაღალი სიცხეებისა და ტემპერატურის კიდევ უფრო ზრდის პროგნოზის ფონზე კეთდება. 


"ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები. ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. 

მზის სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, მხედველობის დარღვევებიც გამოიწვიოს; მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივების და სოლარიუმებში ზედმეტი დასხივების შემთხვევაში, ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება  დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, გულისრევა. ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, მიმართეთ ექიმს. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა.


მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა პიკის საათებში, განსაკუთრებით, დილის 10 სთ-იდან 18 საათამდე. მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.


საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული, რადგან წყლის წვეთებს ლინზის ეფექტი აქვს და აძლიერებს მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.


ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.


გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.


დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად.
გისურვებთ ზაფხულის ჯანსაღად გატარებას!" - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.