ბარიატრიულ ოპერაციებთან და წონის კლებასთან დაკავშირებული სამედიცინო ტურიზმი სასწრაფოდ უნდა მოექცეს რეგულაციების ქვეშ, რათა პაციენტების ჯანმრთელობა დაცული იქნას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმ ფონზე, როცა ამ მიმართულებით ტურისტების რაოდენობა იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე წონის კლების არაერთი პრეპარატი გამოჩნდა.

ჭარბწონიანობის გავრცელებამ, გლობალიზაციის პროცესთან ერთად გამოიწვია ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, იზრდება წონის კლებასთან დაკავშირებული სერვისების რაოდენობაც.

ჯესიკა მაკგირი, რომელიც დუბლინის მედიცინის უნივერსიტეტთან არსებულ, ჭარბწონიანობის მკურნალობის კვლევით ჯგუფს წარმოადგენს, გამოცემა BMJ Global Health-თან საუბარში აღნიშნავს, რომ დიდი ზომის მიუხედავად, ეს დარგი სათანადოდ არ რეგულირდება.

მართალია, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ზოგადად, სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი წლიურად 400 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული და ექსპერტები წლიურად 25%-იან ზრდას ვარაუდობენ. 
მათი თქმით, წონის კლების პრეპარატების ხელმისაწვდომობის ზრდამ, შესაძლოა, შეაკავოს ბარიატრიულ ქირურგიაზე მოთხოვნის ზრდა, თუმცა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც  უცხოეთში წონის კლების ოპერაციის ჩატარება სურთ, მაინც გაიზრდება. ამას ხელს ამ ოპერაციების სიიაფეც უწყობს ხელს.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კერძო კლინიკაში ასეთი ქირურგიული ჩარევა 10-დან 15 ათას გირვანქა სტერლინგამდე ღირს, თურქეთში კი იგივე ოპერაციის გაკეთება 2500-დან 4500-მდე გირვანქა სტერლინგი ჯდება.

უმსხვილესი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი - 71% წონის კლების ოპერაციებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს დამოუკიდებლად მიმართავს. შესაბამისად, მათ შესაძლოა, არც ჰქონდეთ სამედიცინო ჩვენება ასეთი ჩარევისთვის. ხშირად სწორედ მათ ქვეყანაში ასეთი ოპერაციის გაკეთებაზე უარის თქმა არის იმის მიზეზი, რომ ისინი უცხოეთის კლინიკებს მიმართავენ. 


სპეციალისტების თქმით, უცხოეთში ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებასთან დაკავშირებით სხვა რისკებიც არსებობს. კერძოდ, სერვისის მიმწოდებლები ყოველთვის ვერ აფასებენ გართულებების შესაძლო რაოდენობას, ასევე არ არსებობს პაციენტზე პოსტოპერაციული გრძელვადიანი დაკვირვება, მათ შორის კვებაზე, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მთელ რიგ ფაქტორებზე. ამიტომ ხშირად არ ხდება მრავალდისციპლინური დახმარება. 
შედეგად, მაღალია სხვადასხვა გართულების ალბათობა, რამაც, შესაძლოა, პაციენტის გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, სპეციალისტების თქმით, აუცილებელია ისეთი რეგულაციების არსებობა, რომლებიც პროცედურის ჩატარების უფლებას მხოლოდ აკრედიტებულ კლინიკებს მისცემდა. 

ავტორების თქმით, აუცილებელია ეთიკური საკითხების გათვალისწინებაც.

მათი მოსაზრებაა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა ტრანსნაციონალური თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორს შორის, რათა რეგულაციები ამოქმედდეს.