ფარმაცევტული ბაზრის ბოლო მოკვლევის შედეგები უნდა იყოს პრევენციული და პრეცედენტული სხვა, მათ შორის არაფარმაცევტული კომპანიებისთვის.

ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას, იმ მოკვლევის შედეგების კომენტარისას განაცხადა, რომელიც სააგენტომ გუშინ გაავრცელა. 
კერძოდ, სააგენტომ ფარმაცევტული პროდუქციის 4 იმპორტიორი კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა.
 
ეს კომპანიებია: „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“. დარღვევა, რომელსაც მათ კონკურენციის სააგენტო ედავება (კერძოდ კი ჭარბი ფასნამატი), 2021-2023 წლებს, ანუ იმ პერიოდს მოიცავს, როცა 7 მედიკამენტზე რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. დღეს რეფერენტული ფასები ამოქმედებულია და, შესაბამისად, ამ მედიკამენტების ღირებულებაც  შემცირებულია.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნის თანახმად, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.

ირაკლი ლექვინაძემ  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ამ ხარჯებს შორის იყო ასევე მენეჯმენტისთვის და მენეჯმენტთან დაკავშირებული პირებისთვის გადახდილი, არაბუნებრივად მაღალი ხელფასები. დღეს, რეფერენტული ფასების მოქმედების პირობებში კი, მისი თქმით, დაწესებულია ფასნამატის ჭერი, რის გამოც ფასწარმოქმნის პროცესში ზემოთ დასახელებული ხარჯების შეტანა პრაქტიკულად გამორიცხულია. 


ამასთან, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და წინა ქეისიც, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, პრეცედენტულია და პრევენციულია, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემაში არ არიან მოქცეულები.

„რეფერენტული ფასი დაახლოებით 7 ათას მედიკამენტზეა დაწესებული, ჯამში ჩვენ გვაქვს 11 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტი. ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ვართ აქტიურ კოორდინაციაში და იმედი მაქვს, რომ სადაც იქნება მსგავსი პრობლემატიკა, იქაც გვექნება შესაბამისი რეაგირებები,“ - აღნიშნა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც ამ მოკვლევის ფარგლებში გაიცა, არის ის, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, იქნება ის ფარმაცევტულ თუ სხვა სექტორში, თუ მას ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა ანუ 40%-ზე მეტი გააჩნია, ფასწარმოქმნისას გაითვალისწინოს ის მეთოდიკა და მიდგომა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, რაც ამ ქეისშია აღწერილი.