ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიუხედავად, ფარმაცევტული პრეპარატების ტარიფები ამ დრომდე გაურკვეველია და მათი ბედი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შემდგომში დაწესდეს ტარიფები, მაქსიმუმ 15%-ის ოდენობით. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს და აღნიშნავს, რომ ახალი ტარიფები კვირას გამოცხადდა.
მდგომარეობა განსაკუთრებით სენსიტიურია სექტორში არსებული ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით: აშშ ევროკავშირიდან ახორციელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტს, ევროკავშირის კომპანიები კი (განსაკუთრებით ირლანდიისა და დანიის) მნიშვნელოვანწილად არიან დამოკიდებულნი ამერიკული ბაზრის ხელმისაწვდომობაზე.
მართალია, ახალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 1 აგვისტოდან შედის, თუმცა 15%-იანი ტარიფი, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე დაწესდა, ფარმაცევტულ კომპანიებს არ შეეხება.
ეს არ ნიშნავს, რომ სამედიცინო პროდუქციაზე ბაჟი საერთოდ არ დაწესდება, რადგან შტატები ჯერ კიდევ აგრძელებს გამოძიებას იმპორტირებული ფარმაცევტული პრეპარატების მიმართულებით, რათა შეაფასოს, უქმნიან თუ არა ისინი საფრთხეს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სწორედ ამ მიზეზით ფარმაცევტული მედიკამენტები ტექნიკურად გამოეთიშა გუშინდელ შეთანხმებას.
თუმცა, თუკი გამოძიების შემდეგ საბაჟო ტარიფები ამოქმედდება, ევროკავშირი ელოდება, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირობებში შტატები შეასრულებენ არაფორმალურ შეთანხმებას, რომელიც გადასახადების 15%-მდე შენარჩუნებას ითვალისწინებს.
მიუხედავად გასულ პერიოდში გაკეთებული განცხადებებისა, რომ შტატები ფარმაცევტულ პროდუქტებზე 15%-იან ტარიფს შეინარჩუნებენ, სავარაუდოა, რომ ეს მალე არ მოხდება.
ფარმაცევტული პროდუქტების უმეტესობა, რომლითაც ევროკავშირი და აშშ ვაჭრობენ, ამ ეტაპზე 0%-იანი გადასახადით იბეგრება.
ცნება „ეროვნული უსაფრთხოება“ ამ კონტექსტში აღნიშნავს არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოებას, არამედ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ეკონომიკური მდგრადობა, წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელზე, მათ შორის წამლებზე, ასევე უცხოურ მომწოდებლებზე დამოკიდებულება და სხვა.