თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით თურქეთს შერჩეული აქვს 29 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოცაა. 


თურქეთი იმ ქვეყნების ათეულშია, რომლებსაც ყველაზე ბევრი უცხოელი პაციენტი ჰყავთ. ინფორმაციას გამოცემა dailysabah.com ავრცელებს.

ქვეყნის ტირუსტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, თურქეთში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი იზრდება. 

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში გამაჯანსაღებელი ტურიზმი სამ მიმართულებად იყოფა - სამედიცინო, თერმული და ტურიზმი შშმ ხანდაზმული პირებისთვის.

ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ თურქეთში იზრდება საავადმყოფოების, სამედიცინო ცენტრებისა და მედპერსონალის, ასევე იმ ტურისტული სააგენტოების რაოდენობა, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში.

ასოციაცია ახორციელებს პროექტს „ტურიზმის საუკუნე,“ რომლის მიზანიც თურქეთში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიზიდვაა.

ასოციაცია აცხადებს, რომ გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით თურქეთს შერჩეული აქვს 29 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოც შედის. საქართველოს გარდა, ეს ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია,  ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ავღანეთი, მაროკო, სუდანი, სენეგალი და სხვა. 

ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს გამაჯანსაღებელი ტურიზმიდან ქვეყანამ 1,49 მილიარდი დოლარი მიიღო, 2023 წელს კი 2,3 მილიარდი. 

მათივე მონაცემებით, თურქეთში პაციენტები ძირითადად, ისეთი სერვისების მისაღებად ჩადიან, როგორიცაა გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია და სხვა. გარდა ამისა, თურქეთი ავითარებს ესთეტიკურ და თმის ტრანსპლანტაციის მიმართულებებს

ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების მიზნით ჩასული ტურისტები ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ჩერდებიან და, შესაბამისად, ტურიზმის სხვა მიმართულებებიც იღებენ მათგან შემოსავალს.