ტორონტოში ფრანგული ფარმაცევტული გიგანტის Sanofi-ს ვაქცინების მასშტაბური საწარმო, რომელმაც გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები უნდა აწარმოოს და წვლილი შეიტანოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაში, პროდუქციის გამოშვებას 2027 წლიდან დაიწყებს. მანამდე ქარხნის ამუშავების ვადად 2026 წელი იყო განსაზღვრული.

Canadian Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა, როცა კომპანიამ ტორონტოში ვაქცინების საწარმოს გახსნის შესახებ განაცხადა. საწარმოს გახსნის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ყივანახველას, დიფტერიისა და ტეტანუსის ვაქცინების შიდა წარმოება.

პანდემიის დროს კანადას ვაქცინების შეძენა სხვა ქვეყნებისგან მოუწია და დამატებითი თანხები გადაიხადა, რათა ახლადწარმოებული ვაქცინების პირველი დოზების მისაღებად რიგში ჩამდგარიყო. ასეთმა ვითარებამ ხელისუფლებას უბიძგა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაედო ბიოწარმოების სექტორის მოკლე ვადებში შექმნაში. 
ინვესტიციებმა, რომლითაც ტორონტოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება უნდა დაიწყოს და პანდემიებისთვის მზადებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგას,  500 მილიონამდე დოლარი შეადგინა.

კანადის ხელისუფლება აცხადებს, რომ აუცილებელია, შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ ვაქცინებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი ხარჯების გაწევა გახდეს საჭირო და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინების მიწოდებაში შეფერხება შეიქმნას. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა კანადა კოვიდ-პანდემიის დროს.

გარდა ამისა, კანადაში, კერძოდ კი კვებეკში ფარმაცევტულ საწარმოს აშენებს  ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნა,“ რომლის მიზანიც mRNA-ვაქცინების წარმოებაა.