ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ადამიანებს სადაზღვევო კომპანია 35 ათას ლარამდე ზარალს აუნაზღაურებს. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში, გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სახეობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, ქმედუნარიანობის ან დაღუპვის შემთხვევაში ლიმიტი 30 ათასი ლარი იქნება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.

დავით ონოფრიშვილის თქმით,  ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება მოსახლეობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობას გაზრდის და სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

„ამით იზრდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დამნაშავე მძღოლს არავინ არაფერს აუნაზღაურებს, ხოლო როცა შენი ბრალეულობით ვინმე დაშავდება, ის არაფერს გადაიხდის. აღარ იქნება კამათები, თუ ვინაა დამნაშავე და ვინ უნდა გადაიხადოს ზარალი. დამნაშავეს დაადგენს პოლიცია, ხოლო ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს,“- განაცხადა ონოფრიშვილმა. 

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან. პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა ყველა სამინისტროსთან, რომელმაც კანონს „ვიზირება“ უნდა მისცეს. დავით ონოფრიშვილს სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას მოახდენს. დავით ონოფრიშვილის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ განხილვები წელსვე დაიწყება და იქვე დაზუსტდება, როდის ამოქმედდება ის, რადგან რეფორმის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებს მინიმუმ 5-6 თვე სჭირდება.
  
რამდენი იქნება სავალდებულო დაზღვევის პრემია - ანუ ავტომფლობელის მიერ გადასახდელი თანხა, ამ ეტაპზე არ სახელდება.