კლინიკების 99%-ს კოვიდპანდემიის პერიოდთან დაკავშირებული დავალიანება გადახდილი არ აქვს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორმა ნინო კიკნაძემ იმ სიახლეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. 


კერძოდ,  ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ კლინიკები, დღევანდელი მდგომარეობით არსებული დავალიანების 25 პროცენტს გადაიხდიან, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
ამასთან, ნინო კიკნაძე ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, კლინიკებმა ეს 25%-ც გააპროტესტონ, რადგან ამ დავალიანებას უსამართლოდ მიიჩნევენ. თუმცა, მისივე შეფასებით, ცვლილება ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია.

„ის ორი წელი სამედიცინო დაწესებულებებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს კოვიდპანდემიის დროს. მათ კისერზე გადაიარა კოვიდპანდემიამ. იმ პირობებში, რაც იყო და რა რესურსიც აქვს დღეს სამედიცინო სფეროს, რიგმა კლინიკებმა იმაზე მეტი გააკეთეს. 99%-ს არ აქვს გადახდილი ეს თანხები, შეიძლება ვიღაცა ამ 25%-საც არ ეთანხმება და თვლის, რომ ეს 25%-იც უსამართლოა, მას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში,“ - განუცხადა ნინო კიკნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.


მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება დადებითია იმდენად, რამდენადაც სასამართლო პროცესები 3-4, ზოგჯერ 5 წელიც გრძელდება, ეს კი სამედიცინო დაწესებულებებს ტვირთად აწევთ, ამ მხრივ კი, ნინო კიკნაძის შეფასებით, შეთავაზებული წინადადება კლინიკებისთვის შვება იქნება. 


შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ დავალიანებაზე, რომელიც კოვიდ პერიოდს უკავშირდება. ესაა, ძირითადად, აუთვისებელ საწოლფონდში სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხები. პანდემიის დროს ხდებოდა საწოლფონდების მობილიზება 100-ზე მეტ კლინიკაში, რათა ინფექციის ფართოდ გავრცელების შემთხვევისთვის ჰოსპიტალურ სექტორი მომზადებული ყოფილიყო. 


პანდემიის მწვავე ფაზის პერიოდებში ქვეყანაში გეგმიური ოპერაციებიც კი შეჩერებული იყო, რათა საავადმყოფოებს კოვიდპაციენტები მიეღოთ. კოვიდ 19-ის უკან დახევასთან ერთად კლინიკებმა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადასვლა დაიწყეს. ამ პერიოდშივე დაიწყო  მათ მიმართ კრიტიკა.  2022 წლის დასაწყისში მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ  ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, მისი თქმით, ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა. აზარაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში იხდიდა.  სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას ედავებოდა.კლინიკებში მაშინაც და დღესაც ამბობენ, რომ საწოლების დარეზერვებისა და ცარიელ ადგილებში თანხის გადახდა თავად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სქემა იყო. 

 
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ კლინიკებმა შეძლონ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება. ეს კი, მისივე შეფასებით, ისევ პაციენტების მკურნალობისა და მოვლის ხარისხზე, ასევე მედპერსონალის სამუშაო პირობებზე დადებითად უნდა აისახოს.