მიხეილ სარჯველაძე ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS) აღმასრულებელ დირექტორს, ლუიზა ქასქელს და რეგიონულ დირექტორს, თამერ აბბასის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
საქართველოს კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების გაძლიერებაზე და ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS) გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს. განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს მხარდაჭერა გაუწიოს ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებასთან თანამშრომლობითა და პარნტიორობის მეშვეობით, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მოხდეს სამინისტროს მისიის — პაციენტებისთვის უსაფრთხოებისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS) აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიზა ქასქელმა.