საერთაშორისო აკრედიტაცია წარმატებით და საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს. აკრედიტაციის გავლის შემდეგ კლინიკებში დამკვიდრდება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი და მიდგომა, რომ რომელიმე კლინიკა ან ექიმი უფრო სანდოა და რომელიღაც კი - ნაკლებად, ჩვენი კულტურიდან გაქრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, მიმდინარე წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინონ მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითიც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.
„გამართლდა ის, რაც ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლოს კლინიკების დიდ ნაწილს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობენ, ჰქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული და დაწყებული ჰქონდეს მუშაობა აკრედიტაციის პროცესზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყეს მსოფლიოში ცნობილმა მააკრედიტებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე კანადური, ავსტრალიის, ევროკავშირში მოღვაწე მააკრედიტებელი ორგანიზაციები. კლინიკების დიდმა ნაწილმა ჩვენ მოგვმართა დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომ მათ გააფორმეს ხელშეკრულება და მზად არიან, რომ აკრედიტაციის პროცესი დაიწყონ. ეს არის როგორც ჰოსპიტლები, ისე პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული დაწესებულებები, რაც ძალიან კარგია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ერთიანი სტარდარტი და იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კარგია, რომელიმე ნაკლებად კარგია, ვიღაც ექიმი კარგია და ვიღაც - ნეკლებად, ამოვიდეს ჩვენი კულტურიდან,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.