უკრაინა ისრაელისგან სხივური დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატს შეიძენს. The Times of Israeli-ს ინფორმაციით, უკრაინას ეს პრეპარატი ბირთვული ინციდენტის შემთხვევისთვის  სჭირდება.

გამოცემის მონაცემებით, ისრაელის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Pluri-მ კონტრაქტი გააფორმა უკრაინის ჭიპლარის სისხლის ბანკთან, სადაც პრეპარატი PLX-R18 შეინახება. 
აღნიშნული მედიკამენტი ასტიმულირებს და აღადგენს ძვლის ტვინში თეთრი და წითელი სხეულების, ასევე თრომბოციტების გამომუშავების პროცესს. 


ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანია  უკრაინისთვის პრეპარატის 12 ათას დოზას გამოუშვებს, რაც 6 ათასი ადამიანის სამკურნალოდაა საკმარისი. ისინი, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ჭიპლარის სისხლის ბანკიდან ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება.

კომპანია Pluri აცხადებს, რომ მისი პრეპარატი PLX-R18 უსაფრთხოა და გამოცდილია როგორც ცხოველებზე, ისე ადამიანებზე. რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წამლის მიღების შედეგად, გადარჩენის მაჩვენებელი 29 %-დან 97%-მდე გაიზარდა.