ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის ზრდი შედეგად მალარიის გადამტანი მწერის არსებობისთვის ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა (მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა), რის გამოც ინფექციური პათოლოგია იოლად ვრცელდება.


ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი, რომელიც  ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს შორის ერთ-ერთი საყურადღებოა დაავადებების გავრცელების არეალის ზრდა. კლიმატის ცვლილება, ასევე, მოიაზრება ინფექციური პათოლოგიების, განსაკუთრებით, წყლისმიერი და ჰაერწვეთოვანი ინფექციების გახშირების ხელშემწყობ ფაქტორად.

გეგმაში წერია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება საქართველოში. ავადმყოფობათა ამ ჯგუფში მაღალი ავადობით და სიკვდილიანობით ხასიათდება ჰიპერტენზიული (მაღალი არტერიული წნევა) და იშემიური დაავადებები (ჟანგბადოვანი შიმშილით მიმდინარე სისხლის მიმოქცევის მოშლა, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) და ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვთა) დაავადებები. 2000-2023 წლებში, საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სისხლის მიმოქცევის დაავადებების შემთხვევათა სწრაფი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 100,000 სულ მოსახლეზე სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაზრდილია 500-დან 2003 წელს დაახლოებით 2,986-მდე 2023 წელს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში კლიმატის ცვლილების ნიშნები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა.


უფრო ხშირი და ინტენსიური თბური ტალღები ზემოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფებზე);

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომზადდა და დამტკიცდა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და  სტრატეგიის 2024 – 2023 წლების და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმები.

საქართველო ასევე გეგმავს „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შემუშავებასაც.

სამოქმედო გეგმის მიზნის მისაღწევად შემუშავებულია სამი ამოცანა:
1. ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის განვითარება კლიმატის ცვლილებებისადმი  მდგრადი ჯანდაცვის სისტემის ფორმირებისათვის.
2. მოსახლეობის და სამედიცინო ქსელის ინფორმირებულობის ამაღლება, კლიმატის ცვლილების შედეგებისადმი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ადაპტაციის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.
3. მოსახლეობის ადრეული გაფრთხილების სისტემის ფორმირება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამინისტრო დაიწყებს დიალოგს ჯანდაცვის სექტორთან კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებასა და შესაძლებლობებზე. შეფასდება არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესაბამისობა კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან და დაისახება კონკრეტული ღონისძიებები ადაპტირების გაუმჯობესებისთვის.

სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი 440 800 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 81 200 ლარი, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ 317 600 ათასი ლარი.

დოკუმენტის მიზანია, დადგეს შემდეგი შედეგები: 


2026 და 2027 წლისთვის საქართველოში კლიმატის ცვლილებებთან ასოცირებული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი  2-2%-ით უნდა შემცირდეს.


იგივე მასშტაბის კლება უნდა იყოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მიმართულებით100,000 მოსახლეზე.