წონის კლების ინექციები მსოფლიოს იპყრობს - სპეციალისტები კი ამ ტენდენციის გვერდით, საშიშ მოვლენებზე საუბრობენ.
თემაზე თურქული გამოცემა medimagazin.com წერს და აღნიშნავს, რომ ამ მეთოდმა პოპულარობა სოციალური ქსელებისა და ცნობილი ადამიანების დამსახურებით მოიპოვა, თუმცა უკონტროლო გამოყენების შედეგად ეს ინექციები სერიოზული გვერდითი ეფექტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა. ამ გვერდით მოვლენებს შორისაა კუნთოვანი მასის დაკარგვა სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ასევე სახის „ჩამოშლა.“
თუმცა საფრთხე ამით არ შემოიფარგლება. ექსპერტები ამბობენ, რომ წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება გზას უხსნის ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორებიცაა გულის რითმის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუჭის ტკივილი, კუნთების ატროფია და სხვა. ამ პრეპარატების სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე გამოყენება უკავშირდება ისეთ რისკებს, როგორიცაა შაქრის დისბალანში სისხლში და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების გაუარესება.
ენდოკრინოლოგის, პროფესორ ელა კესკინის თქმით, წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება იწვევს „ჩამოკიდებული“ სახის ფორმას, რომელსაც უკვე ეწოდა „ოზემპიკის სახე.“
„ამ ინექციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს კუნთების უეცარი დაშლა, შაქრის დაბალი დონე სისხლში და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები,“ - განაცხადა სპეციალისტმა.
ასევე არსებობს რისკი, რომ ინექციებს შეუძლია გულის რითმის სიხშირის გაზრდა და არითმიის გამოწვევა.
კარდიოლოგის, პროფესორ ფათიჰ მეჰმეთის განცხადებით, წონაში კლების ინექციების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის კლება და გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა. ამიტომ ექსპერტების მოწოდებაა, აიკრძალოს ამ ინექციების რეცეპტის გარეშე გაყიდვა. მათი თქმით, ამჟამად აღნიშნულ მედიკამენტებს ხშირად სხეულის წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, შეუსაბამო დოზებით, უკონტროლოდ იღებენ. ამან კი, შესაძლოა, გააუარესოს პაციენტის როგორც ვიზუალური მხარე, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ოზემპიკი“ საქართველოშიც პოპულარული მედიკამენტია. იმ შემთხვევაში, თუ მას პაციენტი აფთიაქის საშუალებით შეუკვეთავს, რეცეპტის ქონა აუცილებელია, თუმცა „შავ ბაზარზე“ მისი შოვნა თავისუფლად, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. პრეპარატის ღირებულება 450 ლარამდეა.