პირველადი ჯანდაცვის დაანონსებულ რეფორმას ჯანდაცვის სექტორისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები აფასებენ. ისინი ცალსახად დადებით შედეგებს ელოდებიან იმ ცვლილებებისგან, რომლებიც სატესტო რეჟიმში უკვე მიმდინარე წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. თემაზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა და მასში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული რეფორმის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება იქნება არა ფიქსირებული, არამედ - ასაკზე დამოკიდებული. სხვადასხვა ასაკის პაციენტებზე კლინიკა სხვადასხვა ოდენობის თანხას მიიღებს, რადგან, მაგალითად, ხანდაზმულებს უფრო მეტი მკურნალობა სჭირდებათ, ვიდრე ახალგაზრდებს. რეფორმის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულება დამატებით დაფინანსებას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ მაგალითად ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების მინიმუმ 50 %-ს მოემსახურება. დამატებით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ ასევე ის პოლიკლინიკები, სადაც ბავშვების 90% მაინც იქნება აცრილი წითელა-წითურა-ყბაყურაზე. შესაბამისად, კლინიკებს და ექიმებს ექნებათ სტიმული, რაც შეიძლება მეტ პაციენტს მოემსახურონ.
ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჰოსპიტალია, მოხვედრილი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა არის გართულებული და გამწვავებული შემთხვევები. სწორედ ამ მდგომარეობის შეცვლისკენაა მიმართული დაანონსებული რეფორმა - ეს კლინიკა „პინეოს“ კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის ზურაბ კლიმიაშვილის მოსაზრებაა.
„გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს მასშტაბით არის ნომერ პირველი თავისი გავრცელებით, ავადობით და სიკვდილობით. ამიტომ ამ დაავადებებზე სწორად მიმართული ღონისძიებების ჩატარება თავის თავში გულისხმობს ავადობის შემცირებას და, რა თქმა უნდა, სიკვდილობის ტვირთის შემცირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქრონიკულ დაავადებების მართვაზე გაწეული ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ჰოსპიტალური ხარჯებია,“ - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კარდიოლოგმა.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი თენგიზ ვერულავა კი ყურადღებას ამახვილებს ექიმების დაინტერესებაზე, რაც შეიძლება ბევრ პაციენტს მოემსახურონ, რაც დაავადებების გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვს შეამცირებს.
„მთავარი სწორედ ის არის, რომ ოჯახის ექიმის აქტივობა დაკავშირებულია ფინანსურ სტიმულთან. თუ პაციენტი არ მიდის ოჯახის ექიმთან, ოჯახის ექიმია დაინტერესებული, რომ დაუკავშირდეს პაციენტს და ამით მიიღებს დამატებით ანაზღარეურებას,“ - აღნიშნა ვერულავამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობდა. პირველ ეტაპზე პროგრამა საპილოტე რეჟიმში 1 ივლისიდან ამოქმედდება და მასში 6 კლინიკა მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდება და 2028 წლის პირველი იანვრიდან, მასში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლებიც ჩაერთვებიან.