საქართველოში მუნის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით განმარტებებს სახელმწიფო უწყებები აკეთებენ, თუმცა სტატისტიკა, დაავადების რამდენი შემთხვევაა დადასტურებული და რამდენ სკოლაში გამოვლინდა ინფიცირების ფაქტები, ამ ეტაპზე არ არსებობს.
პაატა იმნაძის შემდეგ მოსახლეობას სიმშვიდისკენ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილიც მოუწოდებს.
„მუნის დაავადებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, სადაც განიმარტა, რომ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზუსტად იციან ასეთი ფაქტის არსებობის და დაფიქსირების შემთხვევაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მყისიერად მიმართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური თავად რეაგირებს კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ საზოგადოებას ვიყოთ მშვიდად, არ არსებობს პანიკის საფუძველი და სკოლებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა იციან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ასეთი ფაქტების დაფისირების შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ.“





