ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ (M pox) ახალი ვარიანტის - 1b-ის შემთხვევები დადასტურდა იტალიაში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში. დაინფიცირებულები არიან ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები,  რომლებსაც ბოლო დროს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონიათ.

აღნიშნული შტამი არის mpox-ის ახალი, მაღალგადამდები ვარიანტი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2023 წელს გაჩნდა. მას სხვა შტამებთან შედარებით სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა 1b-ის ამჟამინდელი დახასიათება უფრო მსუბუქია, განსაკუთრებით სათანადო სამედიცინო დახმარების პირობებში. 1b-ის გამო, 2024 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ცენტრალურ აფრიკაში მისი სწრაფი გავრცელებისა და შემდგომში ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გამოვლენის გამო.


ჯანმო-ს უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ  M pox-ის ყველა ქვეშტამი კვლავ ცირკულირებს და გამოითქვა შეშფოთება, რომ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, თუ ეპიდემია სწრაფად არ იქნება კონტროლქვეშ მოქცეული.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 1ბ ვარიანტი აფრიკის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება.

ჯანმო-ს უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წლის სექტემბერში 42 ქვეყანაში დაფიქსირდა 3,135 დადასტურებული შემთხვევა და 12 გარდაცვალების ფაქტი შემთხვევების 80 პროცენტზე მეტი აფრიკის რეგიონზე მოდის.