ფარმაცევტულმა კომპანიებმა Novo Nordisk-მა და Lilly-მ ტრამპთან მიაღწიეს შეთანხმებას წონის კლების მედიკამენტებზე ფასების კლების შესახებ.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, Eli Lilly-მ და Novo Nordisk-მა განაცხადეს შეთანხმების დადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მთავრობის Medicare და Medicaid პროგრამებისთვის, ასევე ნაღდი ფულით გადამხდელებისთვის, GLP-1 წონის დაკლების პოპულარული პრეპარატების ფასები შემცირდება.
ცვლილება, რომელიც, მთავრობის თქმით, ამერიკელებისთვის ფასებს თვეში საშუალოდ 149-350 დოლარამდე დიაპაზონში შეამცირებს, მიზნად ისახავს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მილიონობით ადამიანისთვის. ამ ეტაპზე ხარჯები აღნიშნულ მედიკამენტებზე თვეში 500 დოლარიდან იწყება (პირდაპირი გაყიდვები) და 1000 დოლარამდე ადის (საცალო ფასის შემთხვევაში).

ამჟამად აშშ-ის პაციენტები რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებში ხშირად თითქმის სამჯერ მეტს იხდიან, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ ტრამპი ზეწოლას ახდენს ფარმაცევტულ კომპანიებზე - კერძოდ, Lilly-სა და Novo-ზე - რათა შეამცირონ ფასები იმ დონემდე, რასაც პაციენტები სხვა ქვეყნებში იხდიან.

„ეს გაათანაბრებს მსოფლიოს“, - განუცხადა ოვალური კაბინეტიდან ტრამპმა ჟურნალისტებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გააფართოებს 65 წლის და უფროსი ასაკის მილიონობით მოქალაქისთვის Medicare პროგრამაზე წვდომას, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის - Medicaid პროგრამაზე, რომლებიც ჯამში ამერიკელების თითქმის ნახევრისთვის ჯანდაცვის დაფინანსებას უზრუნველყოფენ.

ამჟამად Medicare-ი არ ფარავს სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატებს. Medicaid-ის დაფარვა კი, რომელსაც თითოეული შტატი მართავს და ფედერალურ მთავრობასთან ერთად აფინანსებს, განსხვავებულია.


წონის კლების ახალი მედიკამენტის - აბების დამტკიცების შემთხვევაში, რომელზეც Lilly და Novo მუშაობენ, მათი საწყისი ფასი თვეში 149 დოლარი იქნება სახელმწიფოსთვის, Medicare და Medicaid-ის პროგრამების მონაწილეებისთვის და ასევე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადახდებს ახალი საიტის TrumpRx-ის საშუალებით ახორციელებენ. აღნიშნული საიტი თეთრმა სახლმა პირდაპირი გაყიდვების მიზნით შექმნა.  აბების დამტკიცების პროცედურა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მწარმოებლები მომდევნო წლის პირველ კვარტალში ელოდებიან.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ქრონიკული დაავადებებისა და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციურ ნაბიჯად შეაფასა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს მოუწოდა, გააფართოონ თავიანთი დაფარვები.

Novo-ს Wegovy და Lilly-ს Zepbound წონის დაკლების ერთადერთი მაღალეფექტური GLP-1 პრეპარატებია, რომლებიც ძირითადად აშშ-ში, ყოველკვირეული ინექციების სახით იყიდება.


ასევე ცნობილი ხდება, რომ მთავრობა, შეთანხმების ფარგლებში, GLP-1-ების დაფარვას გააფართოვებს, რათა დაფაროს პრედიაბეტის ან გულის პრობლემების მქონე ჭარბწონიანი პაციენტები, რომლებიც Medicare-ის პაციენტების 10%-ს შეადგენენ.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიები შეთანხმების ფარგლებში ტარიფებისგან გათავისუფლდებიან. Lilly-მ და Novo-მ კი დააზუსტეს, რომ ეს შეღავათი სამწლიანი იქნება. ტრამპის თქმით, Novo Nordisk-მა აიღო ვალდებულება, შეერთებულ შტატებში დამატებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს.