პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პილოტირების პირველი ეტაპი 1 ნოემბერს დასრულდა. ამ პერიოდში მიღებული შედეგები პოზიტიურია, ისინი ახლა ჯამდება და ამ ანალიზის საფუძველზე, მომდევნო წლიდან, რეფორმა რეალურ დროში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„1 ნოემბრამდე პილოტირების რეჟიმი გვქონდა და ახლა მონაცემები უნდა შეჯამნდეს, რათა მომდევნო წლის დასაწყისში რეალურ რეჟიმში ვამუშაოთ ეს პროგრამა. გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, თავი მოვუყარეთ ინფორმაციას, ახლა ჯამდენა და შეჯამებული ინფგორმაციის საფუძველზე გადავალთ შემდეგ ეტაპზ,“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, პილოტირებამ გაამართლა - გამოიკვეთა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ეფექტიანობაზე, ასევე განისაზღვრა, თუ რა არის ამ მიმართულების პოტენციალი, ეს ყველაფერი ზედაპირზე გამოვიდა და დაიწყო მზადება რეფორმის ფართო მასშტაბით ამოქმედებისთვის.

პირველადი ჯანდაცვის ახალი რეფორმა მინისტრმა მიმდინარე წლის 1 მაისს დააანონსა. მისი განმარტებით, რეფორმის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული დაავადებები, რაც მომავალში სახელმწიფოს ხარჯებს შეუმცირებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ახალი მოდელის დანერგვა მოითხოვს ინვესტიციებს და ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსებას ამ კუთხით 120 მილიონი ლარით გაზრდის.


რაც შეეხება დეტალებს - 2025 წლის პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების  ფარგლებში, დაფინანსების განახლებული მოდელი – ასაკ-სპეციფიკური კაპიტაციისა და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების პილოტირება დაიწყო.


ცვლილების არსია მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, ანაზღაურების ფიქსირებული უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.

მაგალითად: 50 % მაინც უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა.

90% უნდა იყოს იმ ბავშვების წილი, რომელთაც წლის მანძილზე ჩაუტარდათ აცრა წითელა, წითურა, ყბაყურას წინააღმდეგ, ერთი დოზით.

დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვისთვის სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები. მათ შორისაა გეგმური ამბულატორიული მომსახურების გაფართოებული პაკეტის მიწოდება, შესაბამისი აპარატურით აღჭურვა, პირველადი ჯანდაცვის ცენტრალური სამედიცინო ჩანაწერების სისტემაში (C-EMR) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობა, ქრონიკული დაავადებების (ჰიპერტენზია, დიაბეტი) ელექტრონული რეესტრების წარმოება, პერსონალის სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში 40 საათი და და სხვა.

2025 წლის 1 ნოემბერი იყო ის ვადა, როცა დაწესებულებებს კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ განაცხადები ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთვის უნდა წარედგინათ, რასაც მარეგულირებლის მხრიდან მათი შეფასება მოჰყვება.


დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებები დაფინანსების განახლებულ მოდელში 2026 წლის პირველი მარტიდან ჩაერთვებიან.

2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით.