მიხეილ სარჯველაძე, ოფიციალური ვიზიტით, დოჰაში იმყოფება, სადაც მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობს. მრგვალი მაგიდის ფორმატში, მინისტრმა, საქართველოს მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკასა და მიღწევებზე, სიღარიბის შემცირების, შრომის ბაზრის გაძლიერებისა და სოციალური დაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით ისაუბრა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოს სოციალური პოლიტიკა ღირსების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერას. მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე, მათ შორის - სიღარიბის შემცირებაზე, უმუშევრობის კლების ტენდენციაზე, შრომითი უფლებების გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობის ახალ ინიციატივებზე. ღონისძიებაში, მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა:

"საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა დაფუძნებულია ღირსებაზე, თანასწორობასა და ჩართულობაზე. მისი მიზანია ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვებისთვის), ოჯახის წევრთა დაკარგვის შედეგად დაზარალებულთა, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, სიღარიბესთან დაკავშირებული რისკების შემცირება და სოციალური დაცვის გაძლიერება.

სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს მიზნობრივი სოციალური დახმარება (TSA), რომელიც აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ, საჭიროებებზე მორგებულ, დახმარებას სთავაზობს; ასევე მოიცავს საბავშვო შემწეობას, შესაბამისი ბენეფიციარებისთვის. მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, მაჩვენებლები გაუმჯობესდა — აბსოლუტური სიღარიბე, 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, 17.5%-დან 9.4%-მდე შემცირდა. ეს შედეგი ასახავს გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, სოციალური დაცვის გაძლიერებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს.

დასასრულ, მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო განაგრძობს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ სოციალურ პოლიტიკას, უთანასწორობის შესამცირებლად, სოციალური დაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ჩვენ, მზად ვართ, ვისწავლოთ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებიდან და ჩვენი მიღწევები გავუზიაროთ ყველას, რათა პროგრესი გავრცელდეს თითოეულ საზოგადოებაზე."