ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თითქოსდა სახელმწიფო წყვეტს ინსულინის მიწოდებას ან რაიმე სირთულეა ინსულინის მიწოდების თვალსაზრისით, არის უპასუხისმგებლობა, რადგან ადამიანებში პანიკას ქმნის.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 
მისი განმარტებით, ევროპაში ინსულინის მწარმოებელი ორი მსოფლიო ლიდერია - ფრაგნული და დანიური, და ორივე მათგანის ნაწარმოები ინსულინი საქართველოში ხელმისაწვდომია.

„ერთ-ერთს, დანიურ კომპანიას, შეექმნა გარკვეული შეფერხება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ ძალიან დროულად, ძალიან ადრიანად დაიგეგმა შესყიდვა, გაფორმდა ხელშეკრულება. პრობლემა შეექმნა პირველ პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში უნდა მოწოდებულიყო,

მაგრამ 15 ათასის მაგივრად მოგვაწოდა 7 ათასი. იმედია, ეს ძალიან სწრაფად აღმოფხვრადი სირთულეებია და ამის არა მხოლოდ იმედი მაქვს, არამედ - ინფორმაციაც. მე ოქტომბერში გახლდით დანიაში, უშუალოდ ამ კომპანიაში, ძალიან მაღალ დონეზე მქონდა შეხვედრები და მათ დადეს პირობა,  რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება. თუმცა ამავე პროცესში, ზუსტად იგივე, ძალიან მაღალი ხარისხის, გლობალური ლიდერის წარმოებული პროდუქტი საქართველოში აბსოლუტურად თავისუფლად ხელმისაწვდომია,“ - განაცხადა მინისტრმა.


მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც დანიურ მედიკამენეტზე მყოფი ბავშვების ნაწილს შეექმნა ან შესაძლოა შეექმნას ფრანგული ინსულინის ჩანაცვლების პროცესში. მინისტრის თქმით, ბიჯისა თუ პომპასთან თავსებადობისა და

სხვა საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ მშობლების ნაწილთან, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ამ პერიოდში ჩანაცვლების პროცესი. 


შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში დანიური კომპანიის Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინით მომარაგების პრობლემები შეიქმნა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაა.