სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რამდენად აქტიური იქნება გრიპის გავრცელება ამ სეზონზე. თუმცა მოსახლეობას ურჩევენ, ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ და ვაქცინაცია ჩაიტარონ.
აღნიშნულ თემაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია აცხადებს, რომ აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ არ გასულა და მოქალაქეებს აქვთ დრო, გრიპის აქტიურ გავრცელებამდე ვაქცინის გაკეთება მოასწრონ.
ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრებში 18 ოქტომბრიდან დაიწყო და ის, წინა წლებისგან განსხვავებით, თავიდანვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს აცრაზე მოთხოვნა უფრო მაღალია და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი დოზა ვაქცინიდან თითქმის 100 ათასი უკვე გამოყენებულია.





