საქართველოში სადაზღვევო ბროკერების რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში 24 სადაზღვევო ბროკერია რეგისტრირებული. მარტში მათი რაოდენობა 20 იყო. 


Jandacva.ge-სთან საუბარში „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორი გიორგი კანკია აღნიშნავს, რომ  სადაზღვევო ბროკერების მომსახურებაზე მოთხოვნის ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, რომელსაც ავტომობილების დაზღვევა – „კასკო“ მოსდევს. ამასთან, კანკიას თქმით, სადაზღვევო ბროკერის სფერო ქვეყანაში ნელა ვითარდება.

„ადამიანები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ეს არაა წყალში გადაყრილი ფული და სულ უფრო იშვიათად გვხვდება დამოკიდებულება – „ერთი წელი მაქვს დაზღვევა, არაფერი მომსვლია და რატომ უნდა ვიხადო?““ – განაცხადა გიორგი კანკიამ.

მისივე თქმით, ბროკერის მომსახურებით სარგებლობა დაზღვევის მსურველ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ დრო და სხვა რესურსი სასურველი პაკეტების შერჩევაზე. ამასთან ეს მომსახურება მათთვის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.

სადაზღვევო ბროკერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკიური, ისე იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებს. მათი ამოცანაა რისკების შეფასება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პაკეტების განსაზღვრა. 

მათი საქმიანობა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეგულაციის ქვეშაა.