საქართველოში, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დაანგარიშებით, უბედური შემთხვევის დაზღვევის 529 056 პოლისია გაფორმებული. 

აქედან კორპორატიულია 437 987, კერძო 37 431 , ხოლო საცალო 53 638.


ამ მიმართულებით, დასახელებულ პერიოდში ანაზღაურდა  232 621 ლარის ზარალი (საუბარია ბრუტოზე, რაც გულისხმობს გადახდილი ზარალის ოდენობას გადაზღვევის ჩათვლით).

მონაცემებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. 

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო გახდა.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

უბედური შემთხვევის დაზღვევა ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზღვევას იმ შემთხვევაში თუკი შრომის პროცესში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, მისი შრომისუნარიანობა შეიზღუდება/დაიკარგება ან შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდება.

როგორც წესი, დაზღვევა  ვრცელდება მხოლოდ დამზღვევი კომპანიის თანამშრომელზე და  იმ ზიანზე, რომელიც მოხდება შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სამუშაოზე ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრობისას.
კომპანიები ასევე სთავაზობენ დამსაქმებელს დასაქმებული პირის დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევას, რომელიც გამოწვეული იქნება სამუშაო პროცესისას დამდგარი ინციდენტით.


სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს საკუთარი თანამშრომელის
დაზღვევას, ის არ განსაზღვრავს სადაზღვევო თანხის კონკრეტულ ლიმიტებს და სტანდარტებს. მათი თქმით, საჭიროა ლიმიტების და სტანდარტების შემოღება, რაც კანონის დამატებებში უნდა გაიწეროს.

აღნიშნული განსაზღვრების არარსებობის გამო დამსაქმებელს შეუძლია შეიძინოს ყველაზე დაბალფასიანი პაკეტი, რომელიც დაფარვების მინიმალურ ლიმიტებს ითვალისწინებს და ამიტომ უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულმა შესაძლოა ვერ მიიღოს საკმარისი ანაზღაურება.

დაზარალებულმა შესაძლოა მიიღოს პირობითად 200-300 ლარის კომპენსაცია, ცხადია, ხშირ შემთხვევაში არაა საკმარისი. აღნიშნული პრინციპის შეცვლასა და საბაზისო ტარიფის განსაზღვრას სპეციალისტები წლებია ითხოვენ, თუმცა ამ მიმართულებით ხელისუფლებას ცვლილებები ჯერ არ დაუანონსებია.

მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს შორისაა ისეთი საქმიანობები, როგორიცაა სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა,  სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ქიმიურ და ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე ავეჯის და ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება, მსუბუქი მრეწველობა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები და სხვა.