საქართველოში დაზღვევის ბაზარი მზარდია, თუმცა ძირითადი სადაზღვევო პროდუქტებიდან ქართულ ბაზარზე ორი არ არის სათანადოდ განვითარებული. ერთია ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, მეორე კი - სიცოცხლის დაზღვევა.
ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის კუთხით პროექტი პრაქტიკულად მომზადებულია და ძალიან მალე მთავრობას გადაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მაშინვე გაიგზავნება პარლამენტში, რომელიც მას კანონად აქცევს.
რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს პროდუქტი შემოიფარგლება საბანკო პროდუქტთან დაკავშირებული ვალდებულებით და შესაბამისად, ლიმიტირებულია.
„როცა გარკვეულ სესხს იღებთ, განსაკუთრებით ბინას ყიდულობთ და 10-15-20-წლიან კრედიტზეა საუბარი, ბანკი არ მოგცემთ ამ სესხს, თუ სიცოცხლეს არ დააზღვევთ, დასავლეთში კი სიცოცხლის დაზღვევის სქემები განვითარებულია. მართალია, დღესაც შეგიძლიათ ამ პროდუქტის შეძენა, მაგრამ ამისთვის უმჯობესია შესაბამისი კანონის მომზადება,“ - განმარტა ონოფრიშვილმა.
სიცოცხლის დაზღვევა, როგორც წესი, ვადიანია, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული გარდაიცვალა პოლისის მოქმედების განმავლობაში;
დღესდღეობით, განვითარებულ ბაზრებზე სიცოცხლის დაზღვევის სქემების მიერ მობილიზებული დანაზოგები ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს ადამიანის გარდაცვალებისას, მისი ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად, სადაზღვევო ლიმიტის სრულად გაცემას.