შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, შემოწმების შედეგად გაცემული 14 173 მითითებიდან, შემთხვევების 4%-ში დასაქმებულებს უბედური შემთხვევის დაზღვევა არ ჰქონდათ. 

9% -ში დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; ობიექტების 6% -ში კი არ არის განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი.


ამის შესახებ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების მონაცემებითვე, შემოწმებული ობიექტებიდან სამართალდამრღვევთა მიმართ ჯამში შედგა 2513 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2023 წლის პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 (95 მძიმე და 252 საშუალო) დასაქმებული.

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100 ქალი და 247 კაცი.

დაღუპულთა უმრავლესობა - 21 მოქალაქე, მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

2023 წელს არ დაფიქსირებულა არცერთი მასობრივი უბედური შემთხვევა.

2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 3%-ით, 2021

წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 8%-ით, 2020 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 13%-ით, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 24%-ით, ხოლო, 2018 წელთან შედარებით კი დაახლოებით 42%-ით.

შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ დასაქმებულთა რაოდენობრივი კლების დინამიკა 2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მიღებიდან დღემდე შენარჩუნებულია, რაც, უწყების შეფასებით, სახელმწიფოს მიზნობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტებით დაგეგმილი აქტივობების ეფექტურობაზე მეტყველებს.

ცნობისთვის: 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო გახდა.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვალდებულების მიუხედავად, კანონი არ განსაზღვრავს სადაზღვევო თანხის კონკრეტულ ლიმიტებს და სტანდარტებს. ამიტომ, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში ყველაზე იაფფასიან პაკეტებს ყიდულობენ, რაც, უბედური შემთხვევის დადგომისას, დაშავებულს მინიმალურ კომპენსაციას უხდიან, რომელმაც, შესაძლოა მაქსიმუმ 200-300 ლარი შეადგინოს. ამიტომ ექსპერტების პოზიციაა, რომ აღნიშნულ პაკეტის მინიმალური სტანდარტი უნდა შემუშავდეს, რომელზე იაფის შეძენის საშუალებაც დამსაქმებელს არ ექნება.

მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს შორისაა ისეთი საქმიანობები, როგორიცაა სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა,  სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ქიმიურ და ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე ავეჯის და ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება, მსუბუქი მრეწველობა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები და სხვა.

jandacva.ge