კერძო სამედიცინო დაზღვევამ უკვე მიიღო სოციალური სტატუსი.
ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კერძო სამედიცინო დაზღვევა 725 ათას მოქალაქეს აქვს. მესამე კვარტლის მაჩვენებლებით კი, ეს რაოდენობა ერთ წელიწადში 50 ათასითაა გაზრდილი, რაც ზრდის კარგი მაჩვენებელია და ამასთან, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლების გამოხატულებაა.
ლაშა ნიკოლაძის თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებმა დაინახეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ჯიბიდან ამოიღოს მკურნალობის მოულოდნელი ხარჯი, ამიტომ ურჩევნიათ ჯიბიდან, რეჟიმულად იხადონ სადაზღვევო პრემია და მშვიდად იყოს.
„სინამდვილეში დაზღვევის ყიდვა ხომ არაა ფინანსური რყევებისგან დაზღვევა, ესაა ჩვენი სიმშვიდის დაზღვევა. დაზღვეული ადამიანის ქცევაც კი, მაგალითად საჭესთან, განსხვავდება დაუზღვეველი ადამიანის ქცევისგან,“- განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 353.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 58 მილიონით მეტია.
მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მისივე მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს. 30 სექტემბრის მაჩვენებლებით, საქართველოში 725,710 მოქმედი სამედიცინო დაზღვევის პოლისია, რაც თითქმის 53 ათასით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს.