ამ ეტაპზე ქვეყანაში მოქმედი 700 ათასამდე კერძო სამედიცინო სადაზღვევო პოლისს შორის ინდივიდუალურ სამედიცინო დაზღვევაზე 50 ათასამდე მოქმედი პოლისი მოდის. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა, თუმცა, მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორისთვის ინდივიდუალური დაზღვევა ვერ იქნება დასაყრდენი, რადგან ასეთი პროდუქტის გაყიდვა მთელ მსოფლიოში პრობლემურია.
„ამ პოლისის თავისებურება ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოს არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის ანკეტირებას ახდენს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას დიდად მიმზიდველს არ ხდის, თუმცა ვიცი შემთხვევები, როდესაც ადამიანები, მათ შორის პენსიონრები, ამ შეთავაზებას საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო დაზღვევის დაშენების მიზნით იყენებენ, რაც მათ სადაზღვევო პირობებს აუმჯობესებს“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, სამედიცინო დაზღვევის სფეროში ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომელმაც სისტემური გაუმჯობესება უნდა მოიტანოს, საყოველთაო პაკეტზე დაშენების უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემაა.