სადაზღვევო ინდუსტრია უბრუნდება იმ პარამეტრებს, რომლებიც მას პანდემიამდე ჰქონდა. ამასთან, ძალიან განვითარდა ციფრული სერვისები, რამაც მოგების ზრდა და ბაზრის დასტაბილურება გამოიწვია.
ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების თითქმის გაორმაგება არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი.
„სადაზღვევო ინდუსტრია უბრუნდება იმ პარამეტრებს, რომლებიც პანდემიამდე ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ დაზღვევის თითქმის ნახევარი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, რომელსაც პანდემიამ ძალიან სერიოზულად დაარტყა. სადაზღვევო პრემიის ზრდა ვერ აყვა სამედიცინო სერვისის ფასების იმ ზრდას, რომელიც ამ სამწლიან პერიოდში შეინიშნებოდა. ახლა კი ეს დასტაბილურება მოსალოდნელი იყო. თუმცა არის კიდევ რამდენიმე პარამეტრი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ სადაზღვევო კომპანიების შესაქებად. ერთერთი პარამეტრია საოპერაციო შედეგთან შედარებით მოგების შედეგის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ პანდემიის განვითარებამ ძალიან ბევრი სერვისის განვითარება და გაციფრულება დააჩქარა. ეს კი ადამიანური ფაქტორისა და ადამიანური დანახარჯის როლს ამცირებს. შესაბამისად, ერთი და იგივე საოპერაციო შედეგის დროს, როცა ბევრი სერვისი ციფრულია, მოგების წილი უფრო მაღალია,“- განაცხადა ნიკოლაძემ და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია მომხმარებლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან მათთვის ოფისში მისვლა საჭირო აღარაა და ტექნოლოგიების საშუალო დონეზე ცოდნა საკმარისია სადაზღვევო ანაზღაურების დისტანციურად მიღებისა და ინფორმაციის ონლაინ გაცვლისთვის.
ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების ნაწილი ძალიან გამარტივებულია და ამ კუთხით საქართველო სხვა ქვეყნებზე წინაა, მათ შორის ევროპულებზეც, რასაც ვერ ვიტყვით შეთავაზებებზე.
ცნობისთვის: 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 35 მილიონი ლარი იყო.