სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი არ ელოდება, რომ სახელწმიფოს მიერ ყველა ონკოპაციენტის მკურნალობის დაფინანსების შემდეგ სადაზღვევო კომპანიები პაკეტებიდან ონკოლიმიტებს ამოიღებენ. მათი განცხადებით, შესაძლოა, კომპანიების ნაწილმა ონკოლიმიტების ნაწილი თერაპიული სერვისებიდან (რომელსაც უკვე სახელმწიფო აფინანსებს) ონკოქირურგიაში გადაამისამართოს, რაზეც სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ წლიური 25 ათასლარიანი დაფინანსებით სარგებლობა 10 აგვისტოდან არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს, არამედ ნებისნიერი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ, რაც მანამდე შეზღუდული იყო.
25 ათასი ლარის ფარგლებში სახელწმიფო აფინანსებს ქიმიო და იმუნო თერაპიებს, სხივურ თერაპიასა და მედიკამენტებს.
არსებობს თუ არა საფრთხე, სადაზღვევო კომპანიებმა ონკოლოგიური რისკების დაზღვევის პირობები გააუარესონ, რადგან ამ სერვისებს უკვე სახელმწიფო აფინანსებს?
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ასეთ სცენარს თითქმის გამორიცხავს. მისი თქმით, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ონკოპაციენტები ჯერ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ლიმიტს - 25 ათას ლარს ამოწურავენ, რის შემდეგაც დაფინანსებაში უკვე კერძო სადაზღვევო კომპანია ჩაერთვება. თუმცა, ხეჩინაშვილი ამბობს იმასაც, რომ პაკეტების პირობები არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიაზე, არამედ მომხმარებელზეცაა დამოკიდებული.
„შესაძლოა თავად კლიენტმა ჩათვალოს, რომ იმდენად კარგი ლიმიტია სახელმწიფოს მხარეს, რომ აღარ სურს კერძო პაკეტში ონკოლოგია და ამით გაზრდის ამბულატორიის ან ჰოსპიტალის ლიმიტს. კლიენტები, არსებული ლიმიტის, მაგალითად თვეში 40 ლარის ფარგლებში, ირჩევენ მაგალითად ამბულატორიულ მომსახურებას, წამლებს ან სტომატოლოგიას და ამიტომ ცოტა თანხა რჩება, მაგალითად, ონკოლოგიისთვის,“ - განმარტა ხეჩინაშვილმა.