2023 წელს, მთავრობის ორი გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბაზარს გარკვეული რისკები დაემატა. ერთ-ერთის შედეგად სექტორს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარჯები გაეზარდა, მეორემ კი სადაზღვევო კომპანიების მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები გააძვირა.
ამის შესახებ ნათქვამია პსპ დაზღვევის 2023 წლის ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებაში
„2023 წელს დაემატა სამართლებრივი რეგულირების რისკები, როდესაც ორ სამთავრობო დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა სადაზღვევო სექტორის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარჯები. კერძოდ, მთავრობის 36-ე დადგენილებაში ცვლილებები მიზნად ისახავს ორმაგი დაზღვევის ქონის შემთხვევაში პირველ რიგში გამოყენებული იქნას კერძო დაზღვევის ლიმიტები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები განსაკუთრებით საპენსიო და პედიატრიული ასაკის პაციენტებში. მთავრობის მეორე დადგენილებამ, მედიკამენტებზე ე.წ. „რეფერენტული ფასების შემოღებამ“ კი გააძვირა სადაზღვევო კომპანიების მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები. ამ ტიპის რისკების შემცირების მიზნით კომპანია მუდმივად ახორციელებს სამართლებრივი გარემოს მონიტორინგს და მათი ხარჯებზე გავლენა შეაქვს სადაზღვევო პოლისების ფასებში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ დასახელებული ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა გარკვეული სამედიცინო სერვისის დაფინანსებას როგორც კერძო დაზღვევა, ისე საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს (მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები), პირველი რიგის გადამხდელი კერძო კომპანიაა და მხოლოდ მისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ერთვება დაფინანსებაში ჯანდაცვის სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკით, სადაზღვევო პოლისებში, მსგავს შემთხვევებში, პირველი რიგის გადამხდელი სახელმწიფოა. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს, რა მექანიზმით დაავალდებულებს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებს, შეცვალონ კონტრაქტების ეს მუხლი, უცნობია. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტთან მოლაპარაკების შედეგად სადაზღვევო კომპანიები მსგავს მუხლს ჩადებენ, ეს ლოგიკურად პოლისის გაძვირებას გამოიწვევს.
რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს, ის მედიკამენტზე მაქსიმალური ფასის განსაზღვრას გულისხმობს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვის უფლება ფარმაცევტულ კომპანიას არ აქვს.