სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და ცვლილებების ამოქმედებიდან სამ თვეში, პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება.

ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სადაზღვევო ბაზრის შედეგები შეაჯამა.

„როცა ეს ბაზარი გამოვიკვლიეთ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ადეკვატური არ იყო შეთავაზებები, ამიტომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები 15 იანვრიდან ამოქმედდა და შედეგები უკვე გვაქვს. კომპანიებმა პოლისებში ეს ცვლილებები შეიტანეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ სამ თვეში, რეალიზება მოხდა და პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ: 15 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. კერძოდ:

თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 ევროს/აშშ დოლარს,
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 ევროსი/აშშ დოლარისა. მანამდე ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი.

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი კი უნდა იყოს არანაკლებ 30,000 ევროსი/აშშ დოლარისა, მანამდე დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000-მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი.

ამასთან, გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის ტოლი, (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400).


თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 დღის ხარჯი.

მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.

რეგულაციები ამოქმედებისთანავე შეაფასა სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა - დევი ხეჩინაშვილის თქმით, ცვლილების შემდეგ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები შესაძლოა, გაძვირდეს, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც უცხოეთში მიდის სამოგზაუროდ, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი გაძვირება იმ გაზრდილ დაცულობასთან შედარებით, რასაც ის მიიღებს.