24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა.

 
1882 წლის 24 მარტს, რობერტ კოხმა პირველმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია, შექმნა  პრეპარატი და გამოიყენა იგი ტუბერკულოზის სამკურნალოდ, სწორედ ამიტომ  ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება, რომლის  მიზანი დაავადების შესახებ  ცნობიერების ამაღლებაა. 


ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს. 


ინფექცია გადაეცემა ჰაერით, დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინებისა და საუბრის დროს. განსაკუთრებით მაღალია დაინფიცირების რისკი, როდესაც კონტაქტი ხდება დახურულ, ცუდად განიავებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 


ტუბერკულოზის  სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, სად არის მიკობაქტერია ლოკალიზებული.
ფილტვის ტუბერკულოზის დროს დამახასიათებელია:


ხანგრძლივი ხველა
ღამით ოფლიანობა
სისუსტე
უმადობა
წონის კლება
ტკივილი გულმკერდის არეში

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანია ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია. საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. მომსახურებები ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და პაციენტის მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას. 


2025 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია: დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი.


საქართველოს შემუშავებული აქვს 2023-2025 წლების ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ტუბერკულოზის სიკვდილობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 2019 წლის 3.8-დან, 2025 წელს 1 უნდა იყოს. გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს ტუბერკულოზით დაავადებული პირების გამოვლენისა და წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი. 2025 წლის მეოთხე კვარტლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ხარისხიანი მედიკამენტების დროული მომარაგება წამლების მართვის მდგრადი სისტემის მეშვეობით. ამავე პერიოდში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების სოციალური დაცვის პაკეტი უნდა განახლდეს. უნდა მოხდეს ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებების ფუნქციონირების მხარდაჭერა
 

ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა დიაგნოსტიკის გაფართოება და გაუმჯობესება, სტრატეგიის შედეგად, არსებითად უნდა შემცირდეს ტუბერკულოზის ტვირთი და საქართველოს მთლიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მისი ზემოქმედება. 


ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2015 წელთან შედარებით ტუბერკულოზის ინციდენტობა შემცირდა 50%-ით, სენსიტიური ტუბერკულოზის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი გახდა 87%, ხოლო რეზისტენტული ფორმის ‒ 75%, რითაც მიღწეულია ტუბერკულოზის დასრულების გლობალური სტრატეგიის სამიზნეები 2020 წლისთვის. 


სტრატეგია შემუშავდა ტუბერკულოზის დასრულების გლობალური სტრატეგიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას, მათ შორის, ტუბერკულოზის დასრულებას 2030 წლისთვის.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში მიღწეული არსებითი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ტუბერკულოზით, განსაკუთრებით კი მისი წამლისადმი რეზისტენტული ფორმებით, გამოწვეული ტვირთი კვლავაც მაღალი რჩება.


ჯანმოს 2021 წლის მონაცემებით, ტუბერკულოზის სავარაუდო ინციდენტობა შეადგენდა 64-ს 100,000 მოსახლეზე (ევროპაში ეს მონაცემი მნიშვნელოვნად დაბალია - (25/100,000 მოსახლეზე). იმავე წლის მონაცემებით ტუბერკულოზით სიკვდილობა 100,000 მოსახლეზე 3.5 შეადგენს (აივ-ასოცირებული ტუბერკულოზის შემთხვევების გამოკლებით). 
 
რაც შეეხება გარდაცვალებას, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა სტაბილურია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 2 შემთხვევას შეადგენს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა 66%-ით იკლო.

ტუბერკულოზის შემთხვევების ნახევარზე მეტი გვხვდება 15-44 წლის ასაკის პირებში. არასაკმარისი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები არის ძირითადი რისკ-ფაქტორები, რომელთაც უკავშირდება ტუბერკულოზის შემთხვევების უდიდესი ნაწილი საქართველოში.

სტრატეგიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა წარმოადგენს ქვეყანაში ტუბერკულოზის ელიმინაციის ძირითად
გამოწვევას. 

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკას და მკურნალობას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამედიცინო დაწესებულებები. 

ტუბერკულოზის სისტემატური სკრინინგი გათვალისწინებულია ტუბერკულოზის მართვის ეროვნული გაიდლაინით, რომლის განახლებაც ხდება რეგულარულად. 

კონტაქტების გამოკვლევა ტუბერკულოზის პრევენციის მთავარი კომპონენტია, განსაკუთრებით ბავშვებში.
2018 წელს სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში დაიწყო და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგა ინტეგრირებული სკრინინგი სამ დაავადებაზე: აივ ინფექცია, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. სკრინინგი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის მეშვეობით.
სტრატეგიის თანახმად, 2023-2025 წლებში ტუბერკულოზზე მკურნალობა 6 ათასამდე ადამიანს დასჭირდება.

2023-2025 წლებში, ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი  104 მილიონ 500 ათას ლარს აჭარბებს.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი (2023-2025 წლებში ‒ 59.5%); მნიშვნელოვანია გლობალური ფონდის (2023-2025 წლებში 16.3%), ჯანმოს და სხვა დონორების (2023-2025 – 12.7%) თანადაფინანსება.