ჩინეთი მსოფლიო ფარმაცევტული წარმოების ახალ ერაში შედის.

ამის შესახებ გამოცემა www.shine.cn წერს და ინტერესდება ამ სიტუაციაში
ფარმაცევტული გიგანტების პოლიტიკით 

ჩინეთის მიზანია, 2030 წლისთვის ახალი მედიკამენტების ბაზარი გაასამმაგოს. ამის მიღწევას ქვეყანა ცდილობს სამთავრობო პოლიტიკით, რომელიც სექტორის ზრდას გულისხმობს. ეს პოლიტიკა ითვალისწინებს ნორმატიული აქტების დამტკიცების პროცესის ოპტიმიზაციას. 

შვეიცარიულმა Roche-მ განაცხადა, რომ გეგმავს ჩინური წარმოების სამი ახალი მედიკამენტის ჩართვას თავის გლობალურ კვლევებში. 

1970-იანი წლების ბოლოს ჩინეთმა მიიღო უცხოელებისთვის ქვეყნის გახსნისა და შიდა წარმოების მოდერნიზაციის პოლიტიკა, რომელმაც უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს ჩინეთში გაძლიერების შესაძლებლობა მისცა. 
შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა ჩინეთში შეიტანეს წამლების წარმოების თანამედროვე მეთოდები, მარკეტინგული გამოცდილება და სამედიცინო ცოდნა.

შვეიცარიული Roche იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩინეთში სამკურნალო პრეპარატების კვლევების პოტენციალი გაიაზრა.

 
ზოგიერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიისთვის ჩინეთში გაყიდვებმა მსოფლიო რეალიზაციის 10%-ს გადააჭარბა. ამან ჩინეთი აშშ-ისა და  იაპონიის შემდეგ უმსხვილეს ბაზრად აქცია. 2020 წლისთვის AstraZeneca-ს ჩინურმა გაყიდვებმა მსოფლიო რეალიზაციის 20% შეადგინა, რის შედეგადაც ბრიტანული კომპანიისთვის ჩინური ბაზარი სიდიდით მეორე გახდა.

ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა AstraZeneca, Roche და Eli Lilly, გააძლიერეს საკუთარი ჩინური განყოფილებები, რათა მედიკამენტების ახალი ხაზები გაეფართოვებინათ. 

გერმანულმა Boehringer-Ingelheim-მა ჩინეთში ბიოპრეპარატების საწარმოო ბაზა შექმნა. ჩინურ ბაზარზე შესვლა დაიწყეს ახალმა ინოვაციურმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა ამერიკული Amgen, Biogen და Celgene. 
ჩინეთში განვითარების პროცესი გარკვეულწილად კოვიდპანდემიამ შეაფერხა. თუმცა ამ ბაზრის მიმართ მსოფლიო გიგანტების ყურადღება არ შენელებულა. 

მაგალითად,  Roche-მ, რომელიც მომავალ წელს არსებობის 130, ხოლო ჩინეთში შესვლის 30 წელს აღნიშნავს, ამ ბაზარზე ინვესტიციების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ისაა ერთ-ერთი არცთუ ბევრ ფარმაცევტულ კომპანიას შორის, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ ჩინეთში მიწოდების სრული ჯაჭვის ფლობით - კვლევებით დაწყებული,  მარკეტინგითა და შიდა პარტნიორობით დამთავრებული. ამან კომპანიას საშუალება მისცა, შეასრულოს უნიკალური როლი ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე, მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა. 

გასულ წელს Roche-ს ჯგუფის გლობალური გაყიდვები 7%-ით გაიზარდა და 69 მილიარდ დოლარს მიაღწია. მან საკმაოდ ამბიციური ამოცანა დაისახა: მისი პრეპარატების მინიმუმ 80%-ს უნდა ჰქონდეს პოტენციალი, იყოს საუკეთესო მკურნალობის კონკრეტულ სფეროებში. ეს კი ნოვატორული პრეპარატების შექმნის დაჩქარებას მოითხოვს. 


ჩინეთის ბაზარზე კომპანიის გაყიდვები გასულ წელს 6%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების Perjeta-ს, Alecensa-სა და Avastin-ის გაყიდვების ზრდით, ასევე გრიპის სამკურნალო მედიკამენტ Xofluza-ზე არსებული მაღალი მოთხოვნით.

2022 წლიდან მოყოლებული, Roche-მ გააფორმა რამდენიმე ექსკლუზიური გლობალური სალიცენზიო შეთანხმება ჩინურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან, ძირითადად, კიბოს მკურნალობის სფეროში. 


Roche ჩინეთის ბაზრის პოტენციალის კიდევ უფრო მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს, რადგან მას ზრდის მამოძრავებელ ძალად განიხილავს. აქცენტს კი ნეირობიოლოგიასა და კიბოზე აკეთებს. 

Roche-ს აქვს მკაფიო მიზანი, დაიკავოს წამყვანი როლი ჩინეთის ფარმაცევტულ ბაზარზე ზრდის მორიგ ეტაპზე.