გრიპის მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი ციცო დილებაშვილი განმარტებებს აკეთებს. როგორც ის ფეისბუქის საშუალებით წერს,  გრიპის პიკურ სეზონში შესვლას არ უნდა დაველოდოთ და მისთვის დროულად უნდა მოვემზადოთ.

„გრიპი -  ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექცია. 


გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი, სურდო და რიგ შემთხვევაში, ახასიათებს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მძიმე გართულებები.


სეზონური გრიპის მატებას, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად, შესაძლებელია  ამ პერიოდისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.

ნუ დაველოდებით გრიპის პიკურ მაჩვენებლებში შესვლას.  ოფიციალური ინფორმაცით- გასული წლების რეალობისაგან განსხვავებით, იაპონიაში  სეზონური გრიპის უჩვეულო მატება დაიწყო, რასაც ევროპის რეგიონშიც ელოდებიან.  


გამოვიყენოთ შანსი და ჯერ კიდევ აუცრელად დარჩენილმა პირებმა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. 


წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაიცვათ თავი და გარშემომყოფნი გრიპისგან:
ჩ ა ი ტ ა რ ე თ ა ც რ ე ბ ი  დ რ ო უ ლ ა დ, ვაქცინა მაღალეფექტური და მაღალი ხარისხის არის, რომელიც ყველა პოლიკლინიკაში მაღალპროფესიონალების ხელშია თქვენთვის, ხოლო აცრა უფასოა


გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად, ბავშვებისთვის 6 თვიდან, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულთათვის და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სხვა ნებისმიერ პირთათვის.


გახსოვდეთ, აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. ვაქცინაციის შემდგომ შესაძლო მსუბუქი დისკომფორტი,  ტემპერატურის უმნიშვნელო მატება  - სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.


რეგულარულად დაიბანეთ ხელები

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის  შენარჩუნების მარტივი გზაა. გახსოვდეთ, ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი ჭირდება.


დაუბანელი ხელით ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს-თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ერთერთი მნიშვნელოვანი გზაა- აერწვეთოვანი გადამდებლობის შემდეგ. 
მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს. გრიპის ვირუსი ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს. როდესაც გრიპით დაავადებული საუბრობს, აცემინებს ან ახველებს (დაუცველად), ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს ვირუსის შემცველ ჰაერს.


თუ ავად ხართ - ეცადეთ, გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეთ სამუშაო და სასწავლო ადგილებს, რათა დავიცვათ ირგვლივ მყოფები.

განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს...  

კეთილი სურვილებით, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი,“ - წერს ციცო დილებაშვილი.