ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე, „ვარდისფერი ოქტომბერი“ სრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა საინფორმაციო თუ უფასო კვლევების აქცია ჩატარდა. აქტიურობდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. 


ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელსაც ეს თვე ისახავს, ადრეულ დიაგნოსტიკასა და სკრინინგზე მიმართვიანობის გაზრდაა. სწორედ ესაა საქართველოში ონკოლოგიის სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

პოდკასტში "კოტcast-ს აქ ● AQ" საუბრისას ქირურგმა-ონკოლოგმა, მამოლოგმა სოსო სანიკიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სკრინინგისადმი მიმართვიანობა დაბალია, დიაგნოზის შიშია. ამიტომ ის მოუწოდებს ქალებს, გადალახონ ეს ბარიერი და დროულად მიმართონ სკრინინგს, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მისი თქმით, დაავადების პიკი 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალებშია. სწორედ ამიტომ, მისი ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში სკრინინგი 50 წლიდან იწყება, საქართველოში  კი სკრინინგ პროგრამები 40 წლის ასაკიდანაა ხელმისაწვდომი და საკმაოდ ხარისხიანად კეთდება. ამიტომ, სანიკიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ამ უდიდესი შესაძლებლობით ქალებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ. 
„დაავადების დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანი ეტაპია - ესაა დაავადების გამოვლენა დეზორგანიზაციული კერების, მიკროკალცინატების დონეზე. არსებობს ძუძუს კიბოს წინარე დაავადებები - ე.წ.  პრეკანცერები, რომლებიც შეიძლება დაიჭირო ისეთ ფაზაში, როცა პროცესი დაწყებულია, მაგრამ სიმსივნე ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენთან არსებობს სტერეოტაქსური ბიოფსიის  შესაძლებლობა - დეზორგანიზაციული კერები ექოსკოპიაზე არ ჩანს და ჩანს მამოგრაფიაზე,  მამოგრაფიის კონტროლით კი შესაძლებელია ბიოფსიის გაკეთება.  ეს კეთდება და სკრინინგ -ცენტრი, გარდა რადიოლოგიისა, აკეთებს სტერეოტაქსურ ბიოფსიასაც. ამ დროს შესაძლებელია მინიმალური ქირურგიით იქვე დაასრულო მკურნალობა. სხვა მკურნალობა საჭირო არაა. დიდი-დიდი, დასხივება შეიძლება იყოს საჭირო პროფილაქტიკისთვის,“ - განმარტა სოსო სანიკიძემ.

ცნობისთვის: სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა - დაბალი ტემპით. საქსტატის მაჩვენებლებით, რომლებიც 2024 წლის ვითარებას ასახავს, ძუძუს სკრინინგი გასულ წელს 65 521-მა ქალმა ჩაიტარა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 57 920 იყო, 2022 წელს კი 52 387.


ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მონაცემებით, კიბოს სკრინინგის პროგრამების მოცვის მაჩვენებელი ქვეყანაში სამიზნე დონეს 2-3-ჯერ ჩამორჩება.

საქართველოში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის,  სწორი ნაწლავის, ფარისებრი ჯირკვლის და პროსტატის  კიბოს სკრინინგ პროგრამები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წლებია ხორციელდება და მათ მოქალაქეებს სახელმწიფო სრულად უფინანსებს. 


2025 წელს კიბოს სახელმწიფო სკრინინგისთვის  დაახლოებით 1.8 მილიონი ლარია გამოყოფილი.