კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს. დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა
დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. გასული წლის ანგარიში წარადგინა ევროპის რეგიონულმა დირექტორმა - ჰანს კლუგემ, რომელმაც საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ
რეფორმას ისტორიული უწოდა, მიხეილ სარჯველაძეს აღნიშნული წარმატება მიულოცა.
სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ იმ პროგრამასა და რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეების ფინანსურ დაცულობას, ასევე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მან, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელებსა და ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს.
"2013 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოცვა გაფართოვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ, დავაჩქარეთ რეფორმები, რათა უნივერსალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უფრო სამართლიანი და მდგრადი გაგვეხადა: შემოვიღეთ რეფერენტული ფასები და პირდაპირი შესყიდვის მექანიზმი ფარმაცევტულ პროდუქტებზე , ასევე გავაუქმეთ წლიური ლიმიტები ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს მედიკამენტებზე. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების სისტემა გადავიყვანეთ DRG მოდელზე, რომელიც მიმართულია ხარისხსა და ეფექტიანობაზე და არა - მოცულობაზე. აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ოჯახების ფინანსურ დაცვას. 2025 წლის იანვარში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზედამხედველობაში, ლაბორატორიებსა და ვექტორების კონტროლში, განხორციელებული თანმიმდევრული ინვესტიციები შედეგს იძლევა. ახლახან, ჩვენ, შევიტანეთ ცვლილებები ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური პრეპარატების პოლიტიკაში — გავაუმჯობესეთ მათი ხელმისაწვდომობა, ლეგიტიმური სამედიცინო მიზნებისთვის. ამავდროულად, გავაძლიერეთ კონტროლის მექანიზმი, ზედამხედველობა რეცეპტების გამოწერაზე და ციფრული მონიტორინგი, არასათანადო გამოყენების პრევენციის მიზნით.
მიმდინარე წელს, ჩვენ დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა: ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახის ექიმის როლს, ვაფართოებთ არაგადამდებ დაავადებათა სკრინინგისა და მართვის პროგრამებს და ვახორციელებთ ინვესტიციებს ციფრული ჯანმრთელობის პლატფორმების განვითარებაში. წელს, ზაფხულში, დავნერგეთ ასაკის მიხედვით კაპიტაციის მოდელი და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების საპილოტე პროგრამა, პირველადი ჯანდაცვისთვის, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით, 120 მილიონი აშშ დოლარით ვაფინანსებთ. ვნერგავთ ტელემედიცინას და ვაძლიერებთ ციფრულ შესაძლებლობებს სოფლებში, რათა დავაახლოოთ ჯანდაცვის სერვისები, მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებთან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჰანს კლუგემ კი აღნიშნა: „მსურს, აუცილებლად ვახსენო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც პირველადი ჯანდაცვის ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო — ქმედებებიდან და სტრატეგიიდან რეალურ შედეგამდე გადასვლით. გილოცავთ!“
ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ღონისძიებას, ასევე, ესწრებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე ლაშა დარსალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.
სესიის ფარგლებში, ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი ბორდისა და ევროპის რეგიონის ჯანდაცვის კომიტეტის წევრების არჩევნები.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 53 წევრი ქვეყნის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იმსჯელებენ ევროპის სამუშაო პროგრამის პროექტზე, 2026–2030 წლებისთვის
(EPW2), რომლის მიზანიც ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება და ხუთწლიანი გეგმის განსაზღვრაა. სესიაზე, განიხილავენ, 2026–2030 წლებისთვის, ბავშვთა და
მოზარდთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგიას ევროპის რეგიონში. ასევე - 2025-2030 წლებისთვის, ინოვაციების გამოყენების სტრატეგიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ევროპის რეგიონში.





