თითოეული მოქალაქე ბიუჯეტში გადასახადებს იხდის, ამიტომ მას სახელმწიფოსგან ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტი უნდა ჰქონდეს. ამ შინაარსის განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ გააკეთა. 
  
„ან ერთგან უნდა იყო, ან მეორეგან. მე მგონია, ეს არასწორია, ბიუჯეტში ფულს ყველა იხდის და რაღაც მინიმუმის დაკმაყოფილება უნდა ხდებოდეს. 750 ათასს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც თავად ირჩევს, რომ გადაიხადოს კერძო დაზღვევაში, რადგან თვლის, რომ იქ უკეთესად მოემსახურებიან,“ - განაცხადა ონოფრიშვილმა. მისი თქმით, კერძო დაზღვევაში ფასები იზრდება, რადგან ჯანდაცვის პროდუქტები ძვირდებადა კომპანია წაგებაზე ვერ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონერები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის უწევთ, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ (თუმცა გარკვეული სერვისები, მაგალითად მშობიარობის დაფინანსება შენარჩუნებული აქვთ, ბოლო პერიოდში კი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან  ონკო-სერვისებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით სარგებლობის საშუალება მიეცათ).